26 მაისი, 2021

დაუჯერეთ ფრიდონ ხალვაშს!

პოეტი ფრიდონ ხალვაში ჯერ კიდევ წლების წინ თავისი გულწრფელი პოეზიით გვეუბნებოდა, რომ “მეც უნდა ვიყო შენი პოეტი, მე არ ვიქნები შენი სტუმარი!”

“მე არ ვიქნები შენი სტუმარი” – სწორედ ასე ჰქვია ლექსს, რომელსაც “არტ ინფო” გთავაზობთ:

“თბილისო, მე რომ შენთან მოვედი,
სიყვარულივით ვიდექ მდუმარი…
მეც უნდა ვიყო შენი პოეტი,
მე არ ვიქნები შენი სტუმარი!
ნუ დამიძახებ სტუმარს იმიტომ,
რომ უშენობა მწვავდა ასწლობით,
შვილი მშობელთან ვეღარ მოვიდა,
ვეღარ იცნობდა ნაცნობს ნაცნობი.
მე მარადიდში დამრჩა მარჯვენა,
ხიხანის ციხედ ვიყავ ქცეული
და შენი სიტყვის გადასარჩენად
ილეწებოდა ჩემი სხეული.
რა გლოვად ვიყავ, რა დასანახი,
ჭოროხს მეწამულ ფერში უვლია,
საქართველოში ალბათ კალმახი
მიტომ სისხლისფრად დაწინწკლულია.
გამომივლია ჭირი ყოველი,
ღიმილიც ვიცი, დარდის მოთმენაც…
მე ჭოროხსგაღმა ორი სოფელი
დამრჩა ნახევარ ქართლისოდენა.
ის უშენობა დედამ იტირა
და შენი წიგნი ხელში ეჭირა,
მე შენი მტკვარის ერთი ზვირთი ვარ
და შენი მიწის ერთი კენჭი ვარ.
მე შენი ჩანგის ერთი სიმი ვარ
და შენი ზეცის ერთი მერცხალი,
მე საქართველოს დიდი სიმღერა
გულში ჩავინთე, ვით ნაკვერჩხალი.
თბილისო, მე რომ შენთან მოვედი,
სიყვარულივით ვიდექ მდუმარი…
შენი შვილი ვარ, შენი პოეტი,
მე არ ვიქნები შენი სტუმარი!..”