22 აპრილი, 2021

ზურა რთველიაშვილის ოდა თავისუფლებას

პოეტ ზურა რთველიაშვილის გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამხელა ენერგეტიკის ადამიანის ასე უეცარი წასვლა ამქვეყნიდან ნამდვილად დაუჯერებელია.

“არტ ინფო” გთავაზობთ ზურა რთველიაშვილის ლექსს “ოდა თავისუფლებას”:

“მზეო ამ სიზმრის, მზეო არა თავისუფლების,
არყოფნის მზეო, ზავის მზეო, მზეო ყირმიზო,
ასწიე თაჯი ცხელ კეფაზე სუნთქვა არ მყოფნის,
რომ მკერდზე კვართი მოვიზომო და გავიზმორო.
რევოლუციას შეგასწავლი სისხლის გარეშე,
თოფის სასხლეტზე არ გამოჰკრა თითი იუნკერო,
არ მეგულება სხვა სიმშვიდე უცხო მხარეში,
რომ ზარბაზანი გადავტენო და მივუტევო.
აფრინე ლოცვა მინარეთთან ბებერო მოლავ,
რაც აქ დაიწყო მარადისობს ყომრალ ღამეში,
მე ამ ქალაქის სარეცელზე შიშველი მოვალ,
მშიერი მოველ გევედრები შინ არ გამიშვა,
ჩემი ტუჩები ალამივით იქნება წრფელი,
როცა ცხელ ენას ამოუსმევ ჩამქრალ ბადურებს,
რევოლუცია მახინჯია სისხლის გარეშე,
თითქოს ვიღაცა კაბების ქვეშ ხელს აფათურებს.
ეს ამბოხება მოვიწაფე ლოცვის გარეშე,
ვასწავლე ფრენა გადაღებილ წითლად ბეღურებს,
მე ყველაფერი ჩავიდინე, ხელი გამიშვი,
ხელს ნუ შემიშლი ვიოცნებო ახალ კოცნებზე.
მეფეს რომ სურდა, არ შობილა ისეთი მთვარე,
მზე არ ანათებს სხვისი მზერის ჟინით გამთბარი,
გადექი განზე, ნუ აწვები შიგნიდან კარებს,
გადექი განზე, რომ გადავჭრა ლიანდაგები.
მზეო ამ სიზმრის, მზეო არა თავისუფლების,
არყოფნის მზეო, ზავის მზეო, მზეო ყირმიზო,
ასწიე თაჯი ცხელ კეფაზე, სუნთქვა არ მყოფნის,
რომ მკერდზე კვართი მოვიზომო და გავიზმორო.”