6 აპრილი, 2021

ვაჟა ფშაველას ძალიან მაგარი ამბავი

მწერლისა და პოეტის ვაჟა ფშაველას სახელთან არაერთი საინტერესო ამბავია დაკავშირებული, თუმცა ისტორია, რომელსაც “არტ ინფო” გაგიზიარებთ, მაინც გამორჩეულია.

ეს არის აკაკი წერეთლის მონათხრობი, რომელიც კობა ჭუმბურიძეს თავის წიგნში „ზნენი სამამაცონი” აქვს შეტანილი:

„იმ ხანად თბილისში სტუმრობდა „ახალ ერმაკად” მონათლული კაზაკთა ატამანი აშინოვი, რომელსაც იმდროინდელი რუსული პრესა ხოტბას ასხამდა და გმირად სახავდა. „ივერიას” კი თავის პუბლიკაციაში საცინლად აუგდია ეს აშინოვი.

ხანჯალმოღერებული აშინოვი სწორედ იმ დროს შეჭრია კაბინეტში „ივერიას” თანარედაქტორს სერგი მესხს (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე იყო), როცა მასთან აკაკი და ვაჟა იმყოფებოდნენ სტუმრად და მოუთხოვია ბოდიში და უარყოფა კრიტიკისა, რაზეც სერგი მესხს უარით უპასუხნია.

ამაზე ოფიცერი აშინოვი დამუქრებია, ნახავ, რაც მოგივაო.

ვაჟა დინჯად წამომდგარა და უთქვამს: სანამ შენი გვინახია, ერთი ჩვენიცა ნახეო. ჩაუვლია კისერში ხელი, გამოუყვანია კიბესთან და ისეთი პანღური დაუზელია, რომ თავკერძას გორვით ჩაუთავებია კიბე და ქვაფენილზე გაშხლართულა.

შერცხვენილ ატამანს იმავ დღეს აუკრეფია გუდა-ნაბადი საქართველოდან.”

მწერალმა აკა მორჩილაძემ კი „ქართულის რვეულებში” ეს ისტორია ასე გადმოგვცა:

„კაზაკთა ატამანი აშინოვი იყო ერთი ავანტურისტი, რომელიც ხელმწიფის კარამდე მივიდა და ამბობდა, რომ აბისინია უნდა შემოვუერთო რუსეთს, როგორც ერმაკმა შემოუერთა ციმბირიო. თბილისში იყო ჩამოსული და „ივერიამ” მასახარად აიგდო.

ჰოდა, აშინოვი მოვიდა რედაქციაში და მოითხოვა უარყოფა. კაზაკურად ეცვა, მთელი ოქრო-ვერცხლი გულზე და სერგი მესხს ემუქრებოდა. აკაკიც იქვე იჯდა.

მე შევშინდი, მესხი შეცბა და ამ დროს მოვიდა ახალგაზრდა ვაჟა ფშაველა, ერთი შეხედა ამ აშინოვს და უთხრა, რაღაცა ბევრს ლაპარაკობ შენაო და მოჰკიდა კისერში ხელი, გამოაღო კარი, დააგორა კიბეზე და წიხლიც მიაყოლაო – აკაკი იხსენებს.”