19 აპრილი, 2021

რეზო ესაძის ჯადოსნური სამყარო

რეზო ესაძე – მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული შემოქმედი – თავისი ფილმებით, ნახატებით, ლექსებით, შესრულებული როლებით ქმნიდა ჯადოსნურ სამყაროს და სწამდა, რომ:

“ხელოვნებაში არსებობს ერთი ენა – გულის ენა, რა ენითაც არ უნდა ლაპარაკობდეს ხელოვანი… სიტყვიერ ფილმს მე სიტყვის ენით არ აღვიქვამ, აღვიქვამ გულის ენით. ჟესტის ენაც დადის საერთო ესპერანტომდე, რომელსაც გულის ენა ჰქვია…

“მე თვითონ არ ვიცი რას ნიშნავს რეალობა და რას ნიშნავს სიზმარი და ცხადი…

…ჩემი სიცოცხლის უკვე ტანმსხვილ ხეზე ღამეები ხეებზე მეტად შრიალებენ, რადგან ყველაფერი ღამეებში მოხდა, როცა ვისგანაც დღე მტკიოდა, ყველას ეძინა. დღეები ყრუდ მიდიან. სული ვერც ერთ ყვავილობას ვერ იხსენებს. ასე მოვდივარ მწყრალი შარით, სადაც ცხელი ყინულის გაღმა გახურებული ქვები ქშუიან და დამშრალი ტალღების ფსკერზე თევზის ლანდი თამაშობს… გასახსენებელი და სათქმელი ბევრია, ძალიან ბევრი.”

“აჰა, უკვე დროც მოვიდა,
დე, აღსრულდეს ბარემ.
მტკივა, გარჯით და ვერც ჭკუით
ვეღარ დაგეხმარე.
ახლა თვითონ გავხდი შენი
ტკივილი და ჯავრი,
როს მენგრევა თავზე ჭერი
და მწვავს ცეცხლის ალი.
რით გიშველო, რა ვიფიქრო,
ფიქრო, გასამხელო…”