15 აპრილი, 2021

რატომ არ უნდა შეეკამათო საყვარელ ქალს?

კითხვაზე “რატომ არ უნდა შეეკამათო საყვარელ ქალს” პასუხებს ფილოლოგი გია მურღულია გვთავაზობს:

“რატომ არ უნდა შეეკამათო საყვარელ ქალს?

(ათი მცირე შეგონება პატარა და დიდი ბიჭებისთვის)

1. შეიძლება არ მოეწონოს – ეს ყველაზე დიდი და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ამ სოფელში არც მთავრდება;

2. რომც მოუგო, იმ დღეს თუ არა, სხვა დროს მაინც წააგებ – და არა ერთხელ;

3. კამათში დამარცხებისას მისი მშვენიერება იმალება, რაც შენს გამარჯვებას აუტანელს ხდის;

4. მისი დამარცხება იმდენად იშვიათია, რომ სახსენებლად და შეჩვევად არც ღირს – უფრო მეტი ყალბი განცდა ილუზიების მაღაზიაშიც დეფიციტია ;

5. ეს იმიტომ ხდება, რომ სათანადო არგუმენტები და დეტალები მას გაცილებით უკეთ და სრულად ახსოვს – ამ ტიპის მახსოვრობის ან მიხვედრილობის შედარებისას შენი შანსები ნულია;

5. კრიტიკულ ვითარებაში ერთს გაიღიმებს და წინარე მიღწევები განზე დაგრჩება – ეს აბსოლუტური იარაღია;

6. მის მხარეს იქნება ყველა ქალის ადრინდელ გამარჯვებათა ძალა, მაშინ როდესაც შენ მხოლოდ ინდივიდუალურად გაირჯები – ქალთა სოლიდარობის ძალა დედამიწის სხვა მოსახლეებისას ხარისხობრივად აღემატება;

7. ათასში ერთხელ წაგებულ კამათს ის არ დაივიწყებს და ვაგლახად გაგახსენებს ნებისმიერ საჭირო შემთხვევაში – მაგალითად, უფსკრულის პირას სეირნობისას;

8. მისი მარცხის საფასურს ნებისმიერ შემთხვევაში შენ გადაიხდი – ეს გარდაუვალი კომპენსაციაა;

9. თუ გაიმარჯვე, ისე შემოგხედავს, რომ სამყაროს არსებობის პირველი წამისა და საკუთარი დაბადების შეგრცხვება;

10. პირველი ცხრა ამბავი ვერ გაიგე ან არაფრად ჩააგდე? – სჯობს ახლავე მიხვიდე და წინასწარ ბოდიში უთხრა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენს სახლზე დაუყოვნებლივ გაჩნდება წარწერა: “აქ ცხოვრობს სულელი”.

ჯერ კიდევ ძველები ამბობდნენ: “არსებობს ქალის მართვის ორი გზა. პირველი – დაემორჩილო, მეორე კი არავინ იცის”.