12 აპრილი, 2021

ფიროსმანის ნამუშევრები საფრთხეშია!

გენიალური ნიკალას გენიალური ნამუშევრები საფრთხეშია.

ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ავრცელებს:

“ფიროსმანის ნამუშევრები საფრთხეშია!

რადგან ეროვნული მუზეუმის დამოკიდებულება არაადეკვატურია, მისი მაკონტროლებელი უწყება ვალდებულია იმოქმედოს! საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – მე სამუზეუმო საქმის ექსპერტებთან (ბატონ ნოდარ ახალკაცთან), მუზეუმის თანამშრომლებთან (გვარებს ვერ ვასახელებ, რადგან ისინი ეროვნულ მუზეუმში მუშაობენ) გავიარე კონსულტაცია, რაზე დაყრდნობითაც აქ, ღიად, საჯაროდ მოგმართავთ და განცხადებას ელექტრონული ფოსტითაც გამოგიგზავნით.

საგამოფენო სივრცეში, როცა კედელი ნესტიანდება, ფარდობითი ტენიანობა დასაშვებზე მაღლა იწევს და ნამუშევარს პრობლემა ექმნება, რომელიც შესაძლებელია იმ წუთში ხილულად არ გამოვლინდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში მასზე უარყოფითად აისახება. ფსიქომეტრით ტენიანობა უნდა გაიზომოს და თუ აღმოჩნდება რომ ფარდობითობა 70 პროცენტს გადაცდენილია, საგამოფენო სივრციდან ყველა ნახატი უნდა ჩამოიხსნას.

კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს იმ სამსახურის წარმომადგენლებმა (რომლებმაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეამოწმონ ეროვნულ გალერეაში არსებული ვითარება), უნდა მოიკითხონ მეორე სართულზე მოწყობილი გამოფენის კურატორის მოხსენებითი ბარათი, დაცვა-აღრიცხვის განყოფილებისა და ეროვნულ მუზეუმში სამეურნეო მიმართულების ხელმძღვანელის სახელზე, სადაც შავით თეთრზე უნდა ეწეროს, რომ გთხოვთ გამოყოთ ჯგუფი, რომელიც გამოიკვლევს ნახატების მდგომარეობასა და კედლის დანესტიანების მიზეზს. თავის მხრივ ამ ჯგუფებმა უნდა დადონ დოკუმენტი, რომელშიც კვლევის შედეგი ასახული იქნება.

შესაძლებელია წყალმა სახურავიდან ჩამოჟონა და კონკრეტულ კედელზე გამოვიდა; დასაშვებია ისიც, რომ კედელი გარედან სველდება და ამიტომ, ნესტმა შიდა კედელზე გამოჟონა (ნესტი იქით მიიწევს, სადაც სითბოა).
ეროვნულ გალერეაში, რომ პრობლემა იყო, ამის შესახებ პირველად 23 მარტს დავწერე. ვინაიდან შაბათ ღამეს დაწყებული წვიმა კვირას შუადღემდე გაგრძელდა, გალერეაში მივედი, რათა იქ არსებული მდგომარეობა ჩემი თვალით მენახა და დასველებული კედლის ფოტოები აქ იმავე დღეს, 11 აპრილს გამოვაქვეყნე.

კვირას გალერეაში ყოფნისას კიდევ ერთი პრობლემა ვნახე – კედელზე ლაქებია, მაგრამ არ ვიცი ეს უხარისხო სამუშაოებმა განაპირობა თუ რაიმე სხვამ. ამ ფოტოებსაც ვაქვეყნებ. “ორთაჭალის ტურფასთან” ორი დიდი ლაქა ჩანს და გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ. ერთი ლაქა ძალიან მკვეთრია და მეორე – არა.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის გალერეაში რომ პრობლემაა, ეს ცხადზე ცხადია. არაერთ დანაშაულში მხილებული ეროვნული მუზეუმის დირექციის არაადექვატურობა ფიროსმანის ნახატებს საფრთხეს უქმნის – ისინი პრობლემას რომ უარყოფენ, ეს ფაქტია. სამინისტრო ვალდებულია იმოქმედოს!”