13 აპრილი, 2021

მსახიობების მხარდაჭერა ნინუცა მაყაშვილს

რუსთაველის თეატრის ყოფილმა მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ია ფარულავასთან სტუმრობისას ყოფილი მეუღლის ბესო ზანგურის ძალადობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბესო მასზე ფიზიკურად ორსულობის დროსაც ძალადობდა.

რუსკა მაყაშვილი, ნინუცა მაყაშვილის და, მსახიობი:

“ძალიან ძალიან დიდი დრო დასჭირდა, თუმცა მთავარია, რომ შეძლო ამაზე საუბარი. არ ააქვს მნიშვნელობა, რამდენი დროა გასული. ოდესმე, როცა მზად იქნებით უნდა თქვათ, უნდა ამოიღოთ ხმა ! ნინუცა მაყაშვილი ყველა შენთან ერთად ვართ, შენ გვერდით, ყოჩაღ ! P.S ნუ გიკვირთ რომ მოძალადეებსაც ჰყავთ მხარდამჭერები!ისინიც მოძალადეები არიან!”

ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერა კოლეგებმა გამოუცხადეს.

ქეთა შათირიშვილი, სამეფო უბნის თეატრის მსახიობი:

“რუსთაველის თეატრი როგორ რეაგირებს ამ დროს? ისევ ფავორიტ მსახიობად დარჩება ბესო ზანგური? და კვლავ ზურგს გაუმაგრებენ სცენაზე მსახიობები?”

ანა სანაია, მარჯანიშვილის თეატრი მსახიობი:

“ოჯახურ ძალადობაზე სრულად თვალს ხუჭავს ის საზოგადოება, ვინც ხალხთან უნდა მიდიოდეს და ძალით დახუჭულს ორი ხელით ახელინებდეს! თეატრლური საზოგადოება, რაც იყავით, ეგ ხართ და ეგ იქნებით კიდევ დიდი ხანი. ძალადობის ყველაზე დიდი მანქანა მუშაობს თეატრის შიგნით. ნინუცა მაყაშვილს ჩემი მხარდაჭერა.”

კოკო როინიშვილი, მსახიობი, რეჟისორი:

“ნინუცა მაყაშილი – ბევრჯერ დამიფიქსირებია ჩემი აზრი მოძალადე კაცებზე! და რასაც ვფიქრობ მაგის დაწერა აქ მიტყდება!”

ზურა გორგაძე, ტელეწამყვანი:

“სოლიდარობა ჩემს მეგობარს და კოლეგას ნინუცა მაყაშვილს!
ყოველ დილით ყველაზე ღრუბლიან ამინდშიც, მზის მაგივრობას რომ გვიწევს.
ახლა კიდევ უფრო მაგარი და ძლიერი გოგო ხარ , რაც გადადგი ნაბიჯი, გამოხვედი და გაგვიზიარე შენი ამბავი…
რატომ არის მნიშვნელოვანი, თუნდაც წლების შემდეგ შენი ეს ნაბიჯი ? იმიტომ , რომ ეს არის ერთადერთი პრევენცია … იმიტომ რომ ყოველი ასეთი ნაბიჯის შემდეგ ხელ ფეხი ეკვრებათ სუსტ კაცებს, თუნდაც საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის რეაქციის შიშით. საზოგადოების, რომელიც დღეს ისეთი ერთსულოვანია შენი ამბის ირგვლივ, როგორც არასდროს …იმიტომ , რომ სიმართლე ყოველთვის და ყველასთვის ადვილად საცნობია!”

ლაშა ჩხარტიშვილი, თეატრმცოდნე:

“2001 წელს, “ხელოვანთა ლიგაში” ზურაბ ცინცქილაძესთან ერთად მოვაწყვეთ ხელოვანთა დისკუსია თემაზე: “რა ჩემი საქმეა, რა შენი საქმეა, აბა, ვისი საქმეა?!” კარგად მახსოვს, ერთმა საპატივცემულო არტისტმა ამ შეხვედრაზე, თავის გამოსვლაში თქვა: “რაც შეეხება ოჯახში ძალადობას, ეს არავის საქმე არ არის!”
მაშინ, ჟან ჟაკ რუსოს სიტყვები დავუპირისპირე: “ხედავდე უსამართლობას და არ ჩაერიო, ეს ნიშნავს, რომ მონაწილე ხარ მისი.” ჰოდა, სანამ მენტალობას არ შევიცვლით, არაფერი გვეშველება.
ყოველთვის ვგმობდი ძალადობას, მათ შორის, საკუთარ ოჯახში, მამაჩემი რომ ხმას აუწევდა დედაჩემს, ვეხვეწებოდი ორივეს ახლავე გაშორდით თქო…
არ შევეგუოთ ძალადობის არც ერთ ფაქტს, მაგრამ მარტო გმობა არ გვიშველის, მოძალადე უნდა დაისაჯოს!
ჩემი მხარდაჭერა მსახიობ ნინუცა მაყაშვილს და ყველა ქალს.”

დავით გაბუნია, დრამატურგი: 

“შორიდან, ყურმოკვრით, დეტალების გარეშე ყოველთვის ვიცოდი ეს ამბავი და გულით მეცოდებოდა ეს გადასარევი გოგო, ნინუცა მაყაშვილი. როგორი შვება იყო, როცა ბოლოს მოახერხა იმ პათოლოგისგან თავის დაღწევა და როგორი მაგარი გოგოა, რომ ახლა ასე ღიად ლაპარაკობს ამ თემაზე.
ძალიან ძნელია ხმის ამოღება – მით უმეტეს ნინუცასთვის იყო ძნელი, როცა პატარა და გამოუცდელი გოგო, დამწყები მსახიობი უნდა დაპირისპირებოდა სრულებით გაუგებარი დამსახურებების გამო ქვეყნის მთავარი თეატრის პრემიერად წამოჭიმულ სირბანჯოს (დიდი მაესტროს ფრთებქვეშ შეყუჟულ და მისგან ყველაფრის უფლებამინიჭებულ ქლიავს).
ხოდა, ძალიანაც კარგი, ამდენი წლის შემდეგ მაინც რომ მოიკრიბა ძალა და ამაზე ილაპარაკა.”

რუსთაველის თეატრმა ნინუცა მაყაშვილის განცხადებაზე მხოლოდ ერთწინადადებიანი განცხადება გააკეთა:

“რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას!”

ბესო ზანგურმა “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ ნინუცას მოყოლილი ამბავი ამაზრზენი ტყუილია.