27 აპრილი, 2021

კახი კავსაძის სამაგალითო საქციელი

ლეგენდარული მსახიობის კახი კავსაძის 85-წლიან ცხოვრებაში არაერთი ისტორიია, რომელიც სამაგალითოდ შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა რეჟისორი დათა თავაძე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ამბავს იხსენებს:

“საშინლად დამწყვიტა გული ბატონი კახი კავსაძის წასვლამ. არასოდეს არ დამავიწყდება ის სითბო, რასაც თითოეული ჩვენგანი გრძნობდა მის გვერდით.

მის ცხოვრებისეულ ნაბიჯებს – გამძლეობას, გამბედაობას, ადამიანებისა და საქმის სიყვარულს – მაგალითებად, ლამის იგავებად ვუყვებით ერთმანეთს. ის იყო დიდი ადამიანი, ვინც 9 აპრილს რუსთაველის თეატრის ჭიშკარი გახსნა და დარბეული ხალხი შეიფარა და ეს მხოლოდ ერთ-ერთია სხვა მრავალ სამაგალითო საქციელს შორის…
მშვიდობით, ბატონო კახი,
ძალიან მოგვენატრებით!

მთელი გულით თანავუგრძნობ მისი უსაყვარლესი ოჯახის ყველა წევრს, მის ყველა მეგობარს, კოლეგას და მთელ საქართველოს…

თუ მეკითხებიან, რას უნდა აკეთებდეს თეატრიო, პირველ რიგში, ყოველთვის ეს ამბავი მახსენდება:
“1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს, რუსთაველის თეატრი გასტროლებზე იყო ბულგარეთში. მე იმ სპექტაკლში არ ვმონაწილეობდი და ამიტომ თბილისში დავრჩი. იმ დროს თეატრის პარტკომი გახლდით და ამიტომ ყველაზე მაღალი ადმინისტრაციული პოსტი მე მეკავა. დაიწყო და აგორდა მიტინგების ტალღა, მთელი დღე ქუჩაში ვდგევარ, თვალყურს ვადევნებ მოვლენების განვითარებას და ძალიან ვღელავ.

როდესაც სიტუაცია ღამით ძალიან დაიძაბა, დაიწყო დარბევა. ვხედავ, ხალხი მორბის თეატრისკენ, მაშინვე ჭიშკარი გავაღებინე და ხალხის ეს უზარმაზარი ტალღა თეატრში შემოვუშვი. ზოგს თავი ქონდა გაჩეხილი, ზოგს ხელი ჰქონდა ნაღრძობი, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ უმრავლესობა უფეხსაცმლოდ მორბოდა, ტანსაცმელ შემოხეული; შემდეგ ავიყვანე მცირე დარბაზში და ვუთხარი, რომ არავინ ქვემოთ აღარ ჩასულიყო, ყველანი ზემოთ ყოფილიყვნენ.

წამოვიდა ჯარი ერთ კედლად ჩაფხუტებით და ფარებით, სახე არ ჩანს, მე ვდგევარ ქუჩაში და ვუყურებ – მოდიან, მოვიდნენ ჭიშკართან, გაჩერდნენ და დავინახე პატარა, რუსი ბიჭები შეშინებული თვალებით, ა, ესე შეშინებული თვალებით იყურებოდნენ და ამ დროს გაიცა ბრძანება – “ზაკრიც ვაროტა“, ჩვენც დავკეტეთ ჭიშკარი და მსახიობები, აი, აქ, თეატრის ეზოში შევიკუჭეთ. შემდეგ გვესროლეს ცრემლსადენი ყუმბარა ერთი, რომ დავშლილიყავით, შემდეგ მეორე გვესროლეს. ცოტახანში მოვიდნენ და გვითხრეს, რომ თქვენ აქ ხალხს მალავთო, ჩვენ ვაჩვენეთ დიდი სცენა, – კი, ბატონო, მობრძანდით, ნახეთ არადა ხალხი ჩვენ ზემოთ მცირე სცენაზე გვყავდა დამალული.

როდესაც გათენდა, გავაღეთ გარდირობი, დავურიგეთ ხალხს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და გავუშვით სახლებში. მე ვფიქრობ, რომ ეს დღე იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ ის დიდი “მახინა”, ის უზარმაზარი იმპერია, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა – დაიმსხვრა… – კახი კავსაძე.”