გურამ დოჩანაშვილის ძალიან მაგარი ისტორია

გურამ დოჩანაშვილის ძალიან მაგარი ისტორიაყველა ქართველს თავისი გურამ დოჩანაშვილი ჰყავს. გამონაკლისი არც მწერალი გურამ მეგრელიშვილია:

“2000 წელს გავიცანი გურამ დოჩანაშვილი. საათობით მილაპარაკია მასთან ყოფითზეც და დიდ ამბებზეც. ძალიან ბევრი და პირადი ისტორია მომიყვა და მოვუყევი და ვთვლი, რომ ამის შემდეგ დავმეგობრდით.
იშვიათად მინახავს ასეთი სუფთა სულის ადამიანი. ნამდვილი დიდი მწერალი და მოფიქრალი.
შევთანხმდით, რომ ამ ამბებზე ოდესმე დავწერ და იმედია ასეც იქნება.

ლიტერატურის პატრიარქი წავიდა თავის შვილთან და ღმერთთან შესახვედრად. შვილთან და ღმერთთანაც, რომელიც მას ასე ძალიან, ძალიან უყვარდა და ენატრებოდა. საუკუნე დაობლდა.

გურამ დოჩანაშვილი ბოლოს აზროვნების აკადემია მკითხველთან შეხვედრაზე ვნახე. დასასრულს გამოველაპარაკე და ვკითხე:

– ბატონო გურამ, გახსოვთ განავლის მზიდი მანქანის ამბავი?
ვისაც მისი ჩაცინება უნახავს, გაგახსენდებათ ეს სახე.
ახსოვდა, ცხადია. ჩვენ გვერდით ერთი დამსწრე იდგა და კი გამოგვხედა ძალიან გაკვირვებულმა, მაგრამ აბა რას გაიგებდა?

ამბავი კი ასეთია:
2000 (ან წელი მეშლება და 2001 წელს) გაზეთ “ახალი 7 დღიდან”, ლია ტოკლიკიშვილმა ინტერვიუზე გამაგზავნა. არჩევანი ჩემზე იყო, პირველი ინტერვიუ უნდა ყოფილიყო. დოჩანაშვილი ავარჩიე, ცხადია.
მუხათწყაროში ისვენებდა. ტაქსით ავედი. შვილიშვილთან და მეუღლესთან ერთად იყო. რომ ვთქვა გაუხარდა-მეთქი, მოვიტყუები. არ უყვარდა ინტერვიუ, თანაც ასე, დაუგეგმავი. რაკი ამხელა გზა გივლია, ცოტა ვილაპარაკოთ და მოგცემ ინტერვიუსო.
მეთქი, გავალ, ტაქსისტს გავაფრთხილებ და შემოვალ. სადღაა შენი ტაქსი? დამტოვა და გაპარულა (ორივე გზის ფული წინასწარ მივეცი).

შევტრიალდი და სანამ საუბარს დავიწყებდით, როსინის ოპერა ჩართო, მოდი, მოვუსმინოთ და მერე ვილაპარაკოთო. ერთი ფირფიტა მოვისმინეთ და მერე იყო ეს ინტერვიუც.
რას საქმიანობო, დასასრულს მკითხა.
ვსწავლობ და თანაც მწერალი ვარ! – ამაყად ვუთხარი. თუ დრო გექნებათ, წაგაკითხებთ, ხელნაწერს-მეთქი. გავაკვირვე, ჩემი მოკლე ჭკუით.
წამაკითხეო, ჩაეღიმა იმ თავისი ცნობილი ღიმილით.

უკვე მობნელებულზე (ბლინებიც მაჭამეს და ჩაიც დამალევინეს), მეკითხება სახლში რითი მიდიხარო.
ტაქსი მელოდება გარეთ-მეთქი, მოვატყუე. ამდენი ხანი რომელი ტაქსი გელოდება ან სად დგასო. მოსახვევში დგას, მწეველია და თქვენი მოერიდა-მეთქი. კარგიო, დავემშვიდობეთ და წამოვედი.
მოვდივარ თავდაღმართში, უკვე ღამეა. აღარც ფული მაქვს და იქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგონი ახლაც არ დადის, მაგრამ შეფრთიანებული ვარ, ჩემი საყვარელი მწერალი გავიცანი და თან თბილისში ხელნაწერიც უნდა ვანახო.

აჩერებს მანქანა, მძღოლი კარს აღებს და მეკითხება “გურამ მეგრელიშვილი?” “დიახ!” “მწერალი გურამ მეგრელიშვილი?” კი გამიკვირდა, ერთი პატარა მოთხრობა მაქვს გაზეთში დაბეჭდილი და უკვე საიდან მიცნობენ-მეთქი, მაგრამ ამაყად დავუკარი თავი.
“დაჯექი, თბილისში წაგიყვან!”
დავჯექი და კაი კილომეტრი რომ გავიარეთ და სუნმა შემაწუხა, მერე ვკითხე ეს რა მანქანაა-მეთქი.
“გავნავოზია, შვილო. მძღნერი!”
როგორია, თავი დიდი მწერალი გგონია, ზიხარ “გავნავოზში” და მიდიხარ თბილისში.

საიდან მიცანით მეთქი, ვკითხე. მუხათწყაროში ვიყავი ჭის დასაცლელად და გიცანიო. ამაზე სულ გავიფუყე და გზაში ენა არ გამიჩერებია. მოვუყევი ინტერვიუზე, დოჩანაშვილზე, იმაზე, ამაზე. მისმენდა, ხმას არ იღებდა. მეტრო დელისთან ჩამომსვა.

რამდენიმე წლის შემდეგ, ჩემი პირვლი წიგნის წარდგენაზე გურამ დოჩანაშვილიც მოვიდა (სულ 7-8 კაცი მოვიდა) და მაშინ მივხვდი, რომ სინამდვილეში, არანაირი “გიცანი”, დაგინახე და ჩემი სამაგიდო მწერალი ხარ არ არსებობდა. მანქანის მძღოლს გურამ დოჩანაშვილმა სთხოვა წავეყვანე და ჩემთვის სათქმელიც თვითონ დაარიგა.
რომ ვუთხარი, თქვენ გამომიგზავნეთ ის მანქანა ფეხით რომ არ მევლო-მეთქი, ზუსტად ისე ჩაიცინა. “ვიცოდი, რომ გაყვებოდიო!”

ასეთი კაცი იყო. ნამდვილი მასწავლებელი.
პირველივე შეხვედრაზე მიმანიშნა როგორიც უნდა იყოს ნორმალური კაცი. დამეხმარა და თან გაკვეთილი ჩამიტარა, ოსტატურად.
მე გულწრფელად მიყვარდა ეს დიდი ადამიანი.”