16 აპრილი, 2021

“გარეწარ ზვიად გამსახურდიას არ დაუბეჭდოთ არც ერთი სტრიქონი!”

ზვიად გამსახურდიას ცხოვრებაში არაერთი დაბრკოლების გადალახვა და ტკივილის გადატანა მოუწია. სამშობლოს სიყვარულისთვის კიცხავდნენ, ლანძღავდნენ, აგინებდნენ, გარეწარს ეძახდნენ.

მისი შვილი კონსტანტინე გამსახურდია იხსენებს შემთხვევას, სადაც პირდაპირ განაცხადეს – “გარეწარ ზვიად გამსახურდიას არ დაუბეჭდოთ არც ერთი სტრიქონი!”:

“მინდა შევეხო ზვიად გამსახურდიას აქამდე ნაკლებად ცნობილ ცნობილ ლექსს, რომელზეც ბევრი ითქვა და დაიწერა ბოლო ხანებში, რახან ნამოხვანჰესიც ნახსენებია:

“ამ ენგურჰესით და ჟინვალჰესით
სურთ საქართველოს აუგონ წესი,
ჩვენს ბრგე ციხეებს, ტანკენარ ტაძრებს
ეს საუკუნე სპობს უახლესი.
მალე გვექნება მინაძეჰესი,
დაშლის ვარძიას, ზარზმას და ხერთვისს,
გმინვა-გოდება ჯავახის, მესხის
აბობოქრებულ ტალღებს შეერთვის.
ამ ხუდონჰესით, ნამოხვანჰესით,
სვანეთს და ლეჩხუმს სურთ დასცენ მეხი,
რომ სამუდამოდ ჩვენს მთიანეთში,
ამოუკვეთონ ქართველ კაცს ფეხი.
ამ ენგურჰესით და ჟინვალჰესით
სურთ საქართველოს აუგონ წესი,
თან გვარწმუნებენ: იცავსო ძეგლებს
ეს საუკუნე უდიადესი”
(ეს ლექსის სრული ვერსიაა კრებულიდან)

ეს ლექსი ზვიად გამსახურდიას ერთადერთ პოეტურ კრებულში “მთვარის ნიშნობა” გვიანაა შეტანილი – თავად კრებული ადრე, 70-იანების დასაწყისში დაწერილი ლექსებისგან შედგება. იგი დაწერილია 1988 წელს და სულ სხვა ეპოქალურ კონტექსტშია მოსააზრებელი.

აღნიშნული კრებული პირველად 1989 წლის 9 აპრილის მერე გამოვიდა, მანამდე, მიუხედავად “პერესტროიკისა”” მისი გამოსვლა იმდენად რეალისტური არ ჩანდა. ეს ის დროა, როდესაც რესპუბლიკის პირველმა პირმა გამომცემლობათა და პრესის მუშაკთა თათბირზე პირდაპირ განაცხადა: “გარეწარ ზვიად გამსახურდიას არ დაუბეჭდოთ არც ერთი სტრიქონი!”.

საქმე იმაშია, რომ მოსკოვი და გოსპლანი ასეთ გიგანტურ ჰესებს რომ გეგმავდა, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე სულაც არ ფიქრობდა და არც ეკოლოგია ანაღვლებდა. ეს ის დროა, როდესაც დედამიწის ერთ მეექვსედზე განფენილ ქვეყანაში მდინარეების, ოკას და კამას მოტრიალებაზე სერიოზულად მსჯელობდნენ, რომ 3 ათას კილომეტრში მდებარე, ნახევრად დამშრალი არალის ზღვა შეევსოთ. და ამ ჰესებსაც გოსპლანი ცხადია, საბჭოთა კავშირის გრანდიოზულ მასშტაბებთან მოარგებდა. ხოლო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს თბილისის ვაგონთშემკეთებელ ქარხანაში იწყეს სხვადასხვა ზომის მცირე ჰესების ტურბინების დამზადება. ფიქრობდნენ, ათასობით დაემზადებინათ.

ეს ბოლო სტრიქონი ირონიულად მიანიშნებს საქართველოს სსრ-ს პირველ ტელეარხზე, რომელმაც იგი ისესხა გალაკტიონის ლექსიდან “ქებათა ქება ნიკორწმინდას”. ამ პროპაგანდისტულ რუბრიკას ერქვა “ჩვენი საუკუნე გიცავს უახლესი”, სადაც გამუდმებით ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, თუ როგორ უყვარდა საბჭოთა ხელისუფლებას ძეგლები და მათზე როგორ ზრუნავდა.”