26 აპრილი, 2021

გამორჩეული დღე ვაჟა-ფშაველასა და ნიკო ფიროსმანისთვის

გენიოსი მხატვრის ნიკო ფიროსმანისა და მთის არწივის ვაჟა ფშაველასთვის განსაკუთრებული დღე აღმოჩნდა მათი მოულოდნელი შეხვედრა თბილისში, რომელიც ვასილ ჩაჩანიძემ მოიგონა:

“ერთ დღეს ჩვენთან მოვიდა ივანე აბაევი, „ვაჟა-ფშაველას გაგაცნობთო“, ჩვენ გავემართეთ მეორე სართულისკენ.
შევედით ოთახში.

მაგიდას უჯდა გახუნებულ, დაკერებულ შავ ჩოხაში და ქალამნებში გამოწყობილი ვაჟა-ფშაველა.
მალე პურ-მარილი გაიმართა.

სწორედ იმ ხანებში ივანე აბაევს დაქირავებული ჰყავდა მიხეილ ღრუბლაძე და ნიკო ფიროსმანაშვილი, რომლებიც სასტუმროს კედლებსა და კარ-ფანჯრებს ღებავდნენ.
სამუშაო დაემთავრებინათ და ხელფასისთვის მიაკითხეს ივანეს.

— კარგი ხელოსნები ჩანან, წეღან ვნახე, თავაუღბლივ და მუყაითად მუშაობდნენ ორივენი – თქვა ვაჟამ და მიხაკასა და ნიკო ფიროსმანაშვილს მიუბრუნდა :
— სადაურები ხართ?
— მე კახეთიდან ვარ, ჩემი მეგობარი კი თბილისელია, — უპასუხა ნიკომ.
— შენც თბილისელი არა ხარ? – წამოიწყო მიხაკამ.
— ამან მარტო მალარობა კი არ იცის, ეს მხატვარია, ისეთ რამეს დახატავს ხოლმე, რომ კაცს ნამდვილი ეგონება. აი, ჩემი ბიჭისთვის ფუნიკულიორი დახატა.
— მიხაკამ ვედროდან ქაღალდი ამოიღო და ვაჟას მიაწოდა.

ვაჟამ გამოართვა, ძლიერ მოეწონა ფიროსმანის ნახატი და წარმოთქვა:
— შე კაი კაცო, ოქროს ნიჭი გქონია და ოქროს ხელი.
— გატყობთ ნასწავლი კაცი ბრძანდებით, მაგრამ სხვებივით რატომ კარგად არ გაცვია და ჩინ-მედლები არ გკიდია, რათ გაცვია გახუნებული და ჩემსავით დაკერებული ტანსაცმელი?— უთხრა ფიროსმანმა ვაჟა-ფშაველას.
— რომელი გლეხი ნახეთ ამ დროებაში ჩემზე უკეთ ჩაცმული? — ჩაიცინა ვაჟამ.
— ეგ მარტო გლეხი ნუ გგონიათ, – ჩაერია ლაპარაკში ივანე აბაევი,
— ეგ მწერალია, ვაჟა-ფშაველას რომ ეძახიან, ეგ ის არის.

ფიროსმანი გაოცებით მიაჩერდა ვაჟას, სახე გაუბრწყინდა, წამოდგა ფეხზე, მოწიწებით დაუკრა თავი და ხელიც ჩამოართვა.
— მე წავიკითხე შენი “შვლის ნუკრის ნაამბობი”. ცრემლებს ვერ ვიკავებდი, განვიზრახე დამეხატა კიდეც. და, აი, შარშან მიხუამ მთხოვა კარგი რამე დამეხატა მის დუქანში. მე გამეხარდა და დავიწყე ხატვა. მიხოს მოსწონდა დახატული ტყე, მთები, პატარა წყარო, მაგრამ შემდეგ, როდესაც წითელი საღებავებით შევაფერადე შვლის მოჭრილი ყელი და ბალახზე დაღვრილი სისხლი, წამაშლევინა ნამუშევარი.

განშორებისას ნიკო ფიროსმანაშვილმა მიხაკასაგან ნებართვა ითხოვა და მისი შვილისთვის დახატული ფუნიკულიორის ხედი ვაჟა-ფშაველას აჩუქა.”