დღეს ხარებაა

დღეს ხარებაახარება ქრისტიანულ ეკლესიაში უძრავი საუფლო დღესასწაულია. ის ტრადიციულად 7 აპრილს ძველი სტილით 25 მარტს აღინიშნება.

ლუკას სახარების (1,28-35) მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა მარიამ ღვთისმშობელს ახარა, რომ იგი შობდა იესო ქრისტეს – ძეს ღვთისას.

პატარა ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდა ქალწული მარიამი, რომელსაც უფალი წმინდა გულით უყვარდა. ერთხელ მას გამოეცხადა უფლისაგან გამოგზავნილი მთავარანგელოზი გაბრიელი და უთხრა: „გიხაროდეს! მომადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის“. მარიამი შეკრთა, მაგრამ ანგელოზმა დაამშვიდა: „ნუ გეშინია, მარიამ, რადგან ღვთის მადლი იპოვე. დაორსულდები, გაგიჩნდება ვაჟი და სახელად იესოს დაარქმევ. ის იქნება დიდი პიროვნება და ღმერთის ძე ეწოდება. მისცემს მას უფალი მამამისის, დავითის ტახტს და ქვეყნის აღსასრულამდე იმეფებს იგი იაკობის სახლზე, არ ექნება დასასრული მის მეფობას“.

იმ დროს მარიამი მხოლოდ დანიშნული იყო იოსებზე და ამიტომ გაუკვირდა: „ეს როგორ მოხდება, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“ ანგელოზმა მიუგო: „სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგჩრდილავს. ამიტომ წმინდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ“. მაშინ მარიამმა თქვა: „აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ“ და განეშორა მას ანგელოზი.

როცა იოსებმა გაიგო, რომ მარიამი ბავშვს ელოდებოდა, მასთან ფარულად დაშორება გადაწყვიტა, მაგრამ ძილში უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გეშინია შენი ცოლის, მარიამის მიღება, რადგან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისაგან არის. ძეს შობს და დაარქმევ სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“.

ხარების დღესასწაული ითვლება კაცობრიობის ხსნის დასაწყისად, საუკუნეების განმავლობაში დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად. ამბობენ, რომ ამ დღეს ყველა სულიერი ისვენებს, არავინ მუშაობს, ჩიტიც კი არ იკეთებს ბუდეს.

მორწმუნეები მიდიან ეკლესიაში და ხარების დღესასწაულს ღვთისმსახურებაზე დასწრებით აღნიშნავენ, ღვთისმშობლისადმი კი ამბობენ ლოცვას:

“ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.”