24 მარტი, 2021

ზვიად გამსახურდიას გენიალური იგავი

ზვიად გამსახურდიას შემოქმედებაში პოეზიასთან ერთად გამორჩეული ადგილი მის იგავებსაც უკავია.

“არტ ინფო” გთავაზობთ იგავს სახელწოდებით “ორი ლომის ამბავი”:

“ერთხელ ცირკის მხეცები ზოოპარკში ჩამოატარეს, სურდათ ენახათ, თუ ვით შეხვდებოდნენ მათ გალიაში დამწყვდეული თვისტომნი. ერთი ყველაზე სამაგალითოდ გაწვრთნილი ლომი თავის მოძმის გალიასთან შეჩერდა და უთხრა:

“ეჰ, რარიგ მებრალები, ძმობილო, აქ ჩამწყვდეული, გაძვალტყავებულხარ, თვალებში შუქი ჩაგქრობია ნიადაგ ერთ ადგილას გდებით და გალიაში წრიალით. წამოდი ჩვენსას ცირკში, ჩვენი ბატონი კარგად გაჭმევს, არაფერს მოგაკლებს, საზოგადოებაც დიდი გეყოლება. აბა, აქ გდება რას მოგცემს, შენს სანატრელ უდაბნოში, ხომ იცი, მაინც არავინ გაგიშვებს, რახან აქ მოხვედი, სიკვდილამდე აქ უნდა გალიო დღენი შენნი.”

“ეჰ, ძმობილო, რარიგ გადაუგვარებიხარ კაცს, თავისუფლება მონობაზე რომ გაგიცვლია. ისევ ის მირჩევნია, აქ ვიჯდე მოწყენით, ვიდრე კაცის მონა ვიყო და მისი მათრახის ტკაცუნზე ვიხტუნო და ვიჯამბაზო. აქ ის მაინც ვიცი, რომ არავის მონა ვარ და იმასაც ვერავინ ამიკრძალავს, ხანდახან დავიქუხო გულდარდიანმა და უდაბნოს სევდა განვიქარვო, შენ კი ხმის ამოღებაც აკრძალული გაქვს, რათა შენმა გრუხუნმა ცირკის მაყურებლები და მომსახურენი არ შეაშფოთოს. ჩვენი მოდგმა მაინც გადაშენების გზაზეა დამდგარი, მალე ასპარეზი ლომ-ვეფხვთა ნაცვლად ვირთხებსა და ტურა-მელიებს დარჩებათ, ასე, რომ, აქაც მშვიდობიანად დავლევ ჩემს დღეებს.”