3 მარტი, 2021

წმინდა გიორგის ეკლესიის უსაშინლესი რესტავრაცია

საქართველოში მდებარე არაერთი ეკლესია თუ მონასტერი სპეციალისტების მიერ რესტავრაციას საჭიროებს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავარის წმინდა გიორგის ეკლესიას დეკანოზ ილია ჭიღლაძის ინფორმაციით, საშინელი რესტავრაცია ჩაუტარდა:

“ესაა ყოვლად საშინელი, არაპროფესიონალური, ზერელე და უგულო რესტავრაციის კიდევ ერთი საშინელი მაგალითი, რომლითაც ძეგლმა დიდი დაზიანება განიცადა. გაადიდეთ ფოტოები და მახვილი თვალი დარწმუნდება, რომ მრავალსაუკუნოვანი ტაძრის კედლები არ შეიძლება ცემენტით ასე დაითითხნოს.

ალაგ-ალაგ მიმოფანტული ყრია ადამიანთა ნეშტები, რა გახდა მათი მოგროვება და ეზოში დაკრძალვა? ფოტოები ჩემი არაა, გადაღებულია მიმდინარე თებერვლის თვეში, ფსევდო რესტავრაცია 2020 წელს მოხდა. სოს! სოფელ საყავრის წმინდა გიორგის ეკლესია, გორის მუნიციპალიტეტში.

საქართველოს საპატრიარქო – თქვენ წილ პასუხისმგებლობას, როგორც ძეგლის იურიდიული მესაკუთრე, როდის იგრძნობთ, თუ საკუთარი ძალაუფლების და ქონების ზრდის იქით არაფერი გაინტერესებთ?!

საქართველოს დიდი ისტორიული საუნჯე და საგანძური – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ყოველდღიურ რეჟიმში ზიანდება და ნადგურდება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო სრული კრახის ქვეშაა, არამხოლოდ მსოფლიო მნიშვნელობის გელათის უხარისხოდ და დაუდევრად ჩატარებული “რეაბილიტაციით” დაზიანების გამო, იგივე ხდება ბევრ სხვა ძეგლზე, მათ შორისაა დღეს ჩემს მიერ წარმოდგენილ საყავრის წმინდა გიორგის ეკლესიის ვანდალური “რესტავრაციით” დაზიანება, რაც ასევე ყოველგვარ ზღვარს სცდება.

ეროვნული მნიშვნელობის დარგის კრიზისი იმდენად მასტაბურია, რომ 2021 წლის თებერვალი დამთავრდა და სააგენტოს საზოგადოებისათვის არც 2020 წლის შესრულებული სამუშაოების სრული ნუსხა და ფოტომასალა წარუდგენია და არც ახალი 2021 წლის სამუშაო გეგმა.

ესაა ეროვნული ტრაგედია, ძეგლთა დაცვის სისტემის სრული კრახი და კატასტროფა. რატომ დუმს საზოგადოება და რატომ ვერ აცნობიერებს სათანადოდ ამას მასმედია?

სოს! საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა!”