2 მარტი, 2021

სოფიკო ჭიაურელის მიერ დამსხვრეული მითი

თეატრისა და კინოს მსახიობმა სოფიკო ჭიაურელმა დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ გენიალური მშობლების შემდეგ, შვილებზე ღმერთი ისვენებსო.

დიმიტრი ხვთისიაშვილი, რეჟისორი:

“2008 წლის 2 მარტს წავიდა… ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ყველაზე ნიჭიერი და მაყურებლისათვის გამორჩეულად საყვარელი… სოფიკო… რომელმაც დაამსხვრია მითი, გენიალური მშობლების შემდეგ შვილებზე ღმერთი ისვენებსო… სოფიკო… დიდი სახლის შესანიშნავი დიასახლისი…. სტუმართმოყვარე, მრავალფეროვანი, უკიდეგანოდ ნიჭიერი ყველა იმ საქმეში, რასაც ხელი შეავლო…

სახლი, რომელშიც დაიბადა და რომელშიც გარდაიცვალა ფრთამოტეხილივით დგას კვლავ ფიქრის გორაზე – ანჯაფარიძის ქუჩა ნომერი 16… არადა, რამდენი რამ ახსოვს ამ კედლებს… მე, რომელმაც ერთი მსახიობის თეატრში მუშაობის 4 წლის მანძილზე იმდენი რამ ვნახე და სამუდამოდ ჩავიბეჭდე მეხსიერებაში, წარმოგიდგენიათ თითქმის 100 წლის სახლში რა ხდებოდა? ვინ მასპინძლობდა, ვინ სტუმრობდა… რა ფოერვერკებით იყო დატვირთული მთელი ის ეზო-კარი…

რატომღაც ერთი კურიოზული ისტორია გამახსენდა. 90-იანების ბოლოს, ახალი ხილი იყო ე.წ. კერძო სასტუმროების ბუმი და ქალბატონმა ნატაშა ჩხიკვაძემ “ვილა ბერიკაში” და სოფიკომ სახლ-მუზეუმის ფასადის მხარის 2 ოთახში გადაწყვიტეს საოჯახო სასტუმრო მოეწყოთ. ეს არ იყო სტანდარტული სასტუმრო-მომსახურება. ძირითადად აგზავნიდნენ სხვადასხვა საელჩოები თითო-ოროლა სტუმარს. ეს იყო და ეს. ფიქრის გორაზე ბევრმა იცის კიდეც სახლ-მუზეუმის სასტუმრო ოთახში განთავსებული იყო ერთი მსახიობის თეატრის სცენა და მაყურებელთა დარბაზი. ეზოს მხრიდან შემოსასვლელი, ე.წ. ჰოლი და იქვე ქალბატონი ვერიკოს მემორიალური ოთახი. ქუჩის მხარეს 2 საძინებელი დამოუკიდებელი შესასვლელებითა და სველი წერტილებით “სასტუმრო” იყო.

თეატრი თავისი რეპერტუარითა და განრიგით მუშაობდა, თუმცა იმ “სასტუმროს” იშვიათ სტუმართა მყუდროებას ის კამერული სპექტაკლები, რაც ამ თეატრის სცენაზე იმართებოდა, ნამდვილად არ არღვევდა.
ერთ მშვენიერ დღესაც სახლს ფიქრის გორაზე სტუმრობდა არც მეტი, არც ნაკლები მსტისლავ რასტრაპოვიჩი. ქართული ინტელიგენციის მეგობრული შეხვედრა იყო გენიალურ ვიოლონჩელისტთან. რასაკვირველია იყო კითხვა-პასუხი, არაჩვეულებრივი ორატორი გახლდათ ბატონი მსტისლავი. კოტე მახარაძემ წინასწარ იზრუნა და ვერიკოს ცნობილ ხვეულ კიბესთან სტუმარს ვიოლონჩელიც დაახვედრა.

შეხვედრა იმდენად არაოფიციალურ და მეგობრულ ვითარებაში მიმდინარეობდა, რომ ბატონმა რასტრაპოვიჩმა არ იუარა დაეკრა. იქვე სახელდახელოდ ააწყო ინსტრუმენტი, თან ხუმრობდა, რაღაც მსგავს ისტორიებს ყვებოდა მისი ცხოვრებიდან. უცებ ყველაფერი მიჩუმდა და მთელი სიდიადითა და ჟღერადობით გაისმა ვიოლონჩელის ხმა… სტუმარი თავდავიწყებით უკრავდა შნიტკესა და პენდერეცკის ნაწარმოებებს. ეს სახელდახელო კონცერტიც დაახლოვებით 40-45 წუთს გაგრძელდა.

თურმე ამ დროს “სასტუმროს” ერთ-ერთ ნომერში იმყოფება იტალიელი სტუმარი – გიჟი მელომანი. მუსიკის ჰანგს გამოჰყვა და მისი ნომრიდან სასტუმრო ოთახში ამოჰყო თავი. რასტრაპოვიჩი იცნო, ყბა ჩამოუვარდა. გაოგნებული იყურებოდა იქეთ-აქეთ… თავი ალბათ სიზმარში ეგონა. დასრულდა იმპროვიზირებული კონცერტი, იგრიალა ტაშმა, ყველაზე მხნედ სტუმრის აპლოდისმენტები გამოიყურებოდა, იქვე ბრავა-ბრავას ძახილით ყელი ჩაიხლიჩა და ძალაუნებურად ყურადღებაც მიიქცია. სოფიკომ წამსვე აუღო ალღო მის გაოგნებას, იქვე დათოს დაუძახა – თეატრის ადმინისტრატორს და უთხრა, ეხლა ამას გადაუთარგმნე – ხედავთ რა დონის სასტუმროში მოხვდი, მომსახურების სერვისში რასტრაპოვიჩიც შედისო. სტუმარი წასვლისას ადმინისტრატორს ეკითხებოდა კონცერტის რამდენი უნდა გადავიხადოო, დათოც არ გატყდა და დიასახლისის ხუმრობა ბოლომდე გაიტანა, ეგ ფასში იყო შესულიო. ასეთი განცვიფრებული დატოვა იტალიელი სტუმარი “სასტუმროს დიასახლისმა”.

ერთხელ “ნეაპოლი მილიონერთა ქალაქს” ვთამაშობდით გასვლით სპექტაკლად რუსთავის რაღაც კლუბში, თეატრი რემონტზე იყო, კლუბის სცენა კი იმდენად პატარა იყო, რომ სოფიკო ხუმრობდა, გივის საწოლს და მაგიდას რომ დადგამთ, მე კულისებიდან უნდა ვითამაშო, სცენაზე ვეღარ დავეტევიო. მერე ჩვენ “მასოვკას” გვაშაყირებდა. ჩვენი როლები აივნებზე გადმოდგომასა და საერთო მხიარულების შექმნაში გამოიხატებოდა. სად იყო აივნები, მთავარი როლები თვითონ ძლივს ეტეოდნენ, ჩვენ შევეგუეთ რომ ტყუილად ვიყავით წასულები და კულისებში მოვეწყვეთ, “შუმების” შესაქმნელად. სოფიკომ გააფრთხილა გივი, ნუ გაჭიმავთ რა, კოტემ უნდა მომაკითხოს და სასწრაფო საქმეზე უნდა წავიდეო… მერე კი ხუმრობდა თვითონ, რამ მათქმევინა, არ ვიცი ესენი რა “შტუკასაც” მიზამდნენო, მაგრამ მთლად ისე არ მოელოდა რომ განვითარდებოდა მოვლენები.

მოკლედ, აქეთ გივი ბერიკამ, იქეთ მალხაზ გორგილაძემ ჭიმეს და ჭიმეს სპექტაკლი, ამასობაში ბატონი კოტეც ჩამოვიდა, მაგრამ რას იზამდა ჯერ შუაწელში იყვნენ. მეორე მოქმედების დასაწყისში ერიკოს დაბადების დღის ეპიზოდში, ცეკვა იყო… ცეკვავდნენ სოფიკო და მალხაზი, გივი კი მათზე ეჭვიანობდა. ამ დროს ხათუნა ხობუასთან და ნინო ზაუტაშვილთან ერთად ცეკვა-ცეკვით არც მეტი, არც ნაკლები თავად ბატონი კოტე შემოვიდა სცენაზე. მერაბ თაბუკაშვილს რაღაც შლაპა აართვა, დათო დვალიშვილს მოსასხამი და “მასოვკაში” ცეკვა-ცეკვით შემოიპარა. ხალხმა იცნო და უცებ იგრიალა ტაშმა… სახალხო არტისტს შეხვდნენ… თან ცოტა გაკვირვებულებიც… ასეთი ცნობილი კაცი თუ თამაშობდა აფიშაზე რატომ არ ეწერაო… უცებ ბატონი კოტეს ხმა – ამალია, რა დროს ცეკვაა, არ გახსოვს რომ გვეჩქარება? და ეს იყო გამოუსწორებელი შეცდომა. გივი ბერიკაშვილმა, რომელიც სოფიკოს პერსონაჟის – ამალიას ქმარს თამაშობდა, პრაქტიკულად ოტელოს ეჭვიანობის სცენა გაითამაშა იმპროვიზირებულად.

ვიღას ახსოვდა საწყალი დე ფილიპო. გენიალური არტისტები ახალ ნაწარმოებს ქმნიდნენ იქვე მაყურებლის თანდასწრებით. იყო დიდი სიცილ-ხარხარი. გავერთეთ ყველა მონაწილე, არც მაყურებელმა დააკლო გართობა, რადგან სცენაზე პიესას აცდენილი, თუმცა ნიჭიერების დღესასწაული მიმდინარეობდა. ყველაზე ხმამაღლა გოგი თოდაძე – სპექტაკლის რეჟისორი, იცინოდა კულისებში. მოკლედ, სტუმრად ისე დააგვიანეს, რომ სპექტაკლი 2-ის ნაცვლად 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ზოგჯერ ასეთი “ხულიგნობებიც” ხდება ხოლმე სცენაზე, რაც მაყურებელსაც ახალისებს და თეატრის კურიოზების ისტორიაშიც რჩება.

რა დასანანია სოფიკოს ასე უდროო წასვლა… თხემით ტერფამდე ნიჭიერიაო, რომ იტყოდნენ ხოლმე… სწორედ სოფიკო ჭიაურელს მიესადაგებოდა ეს სიტყვები. საოცარი ლირიზმი, ამავდროულად ცეტური ახტაჯანობა, ფენომენალური პლასტიკა, მუსიკალურობა, არტისტიზმი, ამ სიტყვის ყველაზე აღმატებული გამოხატულებით…

ამავდროულად სანაქებო დიასახლისი, მკერავი, კულინარი… ბოლო წლებში “პრარაბი”… მთელი ცხოვრების მანძილზე მოუხელთებელი მძღოლი… და კიდევ დაუზარელი ნებისმიერ განსაცდელში “ჭირსა” თუ “ლხინში” გვერდში დგომისთვის, გამხნევებისთვის… სტუმართმოყვარეობის ზეხარისხი… არც მახსენდება ისეთი დღე მათთან, სტუმრის გარეშე…

ოჰ, მოხვედი კუკუშ… შენც გენაცვალე… იტყოდა და მერე იწყებოდა “მოგზაურობა საოცრებათა სამყაროში”. იმ კედლებში გატარებული არცერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავდა, ისევე როგორც ამ კედლების ბინადარნიც საოცრად განსხვავებულნი და ინდივიდუალურნი იყვნენ. ერთი დიდი რამ კი უდავოდ აერთიანებდათ – უკიდეგანო ნიჭიერება!!!

2 მარტს 13 წელი შესრულდა, რაც სოფიკომ ამქვეყნიური ცხოვრება დატოვა და შეუერთდა გენიალურ თეატრალურ და კინოხელოვნებას ზეციურ საქართველოში.”