12 მარტი, 2021

სამაგალითოდ დასჯილი ევგენი მიქელაძე

დირიჟორი ევგენი მიქელაძე მხოლოდ 34 წლის იყო, როდესაც “ლატავრას” გენერალური რეპეტიციის დროს თბილისის ოპერის თეატრიდან აიყვანეს და დააპატიმრეს. იმავე დღეს დააპატიმრეს მისი მეუღლე ქეთევან ორახელაშვილიც და გადასახლება მიუსაჯეს.

ევგენი მიქელაძე ლავრენტი ბერიამ სამაგალითოდ დასაჯა – 34 წლის ასაკში დახვრიტა.

ალექსანდრე მაჭავარიანის მოგონებებიდან:

“საღამოს “ლატავრას” გენერალური რეპეტიციის შემდეგ თეატრის მთავარი რეჟისორის ევგენი მიქელაძის კაბინეტში გაიმართა მსჯელობა, კრებას ევგენი უძღვებოდა. უეცრად კარი გაიღო და მოახსენეს, რომ მასთან შეხვედრა სურდათ. მიქელაძემ დარბაისლურად უპასუხა – მოითმინონ. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ კარი ისევ გაიღო და ამჯერად უკვე ჩეკა-ს ფორმიანმა “მწვანექუდამ” უბრძანა – გარეთ გამობრძანდითო. მიქელაძე როგორც ჩანს მიხვდა, რისთვის “შეაწუხეს” ღამის თორმეტ საათზე და კარისკენ გაემართა.

მე იქვე კართან კუთხეში ვიჯექი და გაღებული კარის ფარდიდან მოვკარი თვალი, როგორ სწვდა ჩეკისტი “შრომის წითელი დროშის ორდენს” და ჩამოგლიჯა პიჯაკის ბორტიდან. ელვის სისწრაფით მიიხურა კარი, მივხვდი, რომ ბალეტზე ოცნება უკვე ზედმეტია. მიქელაძის ადგილისკენ მიემართება შალვა აზმაიფარაშვილი და იკავებს ყოფილი ხელმძღვანელის ადგილს. აზმაიფარაშვილმა თამამად და ყველასათვის მოულოდნელად განაცხადა: “ამხანაგებო, განვაგრძოთ მუშაობა, ხალხის მტერს ასე მოუხდება.”

ევგენი მიქელაძის დაპატიმრებას უამრავი ჭორი თუ მართალი მოჰყვა. ამბობდნენ, ლავრენტი ბერიამ ორახელაშვილების ოჯახზე შური იძია, ქეთევანი ქუჩაში ნახა, მოეწონა და გასაუბრებაც სურდა, მაგრამ ქეთევანის დედამ, მარია ორახელაშვილმა ამის უფლება არ მისცა და შვილს უთხრა, ამ გობმეშოს როგორ ელაპარაკებიო.
მალე ქეთევანი ევგენი მიქელაძეს გაჰყვა ცოლად. ბერიას უყვარდა ოპერაში სიარული, ყველა პერმიერას ესწრებოდა, ერთხელ რეპეტიციაზე დასასწრებად მისულ ლავრენტი ბერიას ევგენი მიქელაძემ მიმართა – “თუ შეიძლება, უცხო პირები ნუ შემოდიან” და დარბაზი დაატოვებინა.

ლავრენტი ბერიამ ეს ამბები კარგად დაიმახსოვრა და როგორც კი შესაძებლობა მიეცა, ჯერ ქეთევან ორახელაშვილის მშობლებს – მამიასა და მარიამს გაუსწორდა – სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრა, ორივეს წამებით ამოხდა სული. შემდეგ კი ევგენისა და მისი მეუღლის ქეთევანის ჯერიც დადგა. ორივე დააპატიმრეს. დირიჟორს თვალები დათხარეს, მაგრამ უბადლო სმენის პატრონმა ხმაზე მაინც იცნო დაკითხვაზე მისული ლავრენტი ბერია.

– კიდევ ამბობ, რომ ხალხის მტერი არ ხარ? – ჰკითხა ბერიამ მიქელაძეს.
– ლავრენტი პავლოვიჩ, მე არასდროს ვყოფილვარ ქვეყნისა და ხალხის მტერი, – უპასუხა ევგენი მიქელაძემ.
– საიდან იცი, რომ ლავრენტი ბერია ვარ?
– მე კარგი სმენა მაქვს და ხმაზე გიცანით, – უპასუხა დირიჟორმა.
ამბობდნენ, ამ სიტყვებზე ბერია ისე გამწარდა, ევგენი მიქელაძეს რკინის ჯოხი გაუყარა ყურებშიო.

1938 წლის 7 იანვრის დადგენილებით, ევგენი მიქელაძის მეუღლეს ქეთევან ორახელაშვილს, როგორც სამშობლოს მოღალატეების ოჯახის წევრს, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა აკმილინსკის შრომა-გასწორების ბანაკში. მცირეწლოვანი შვილები 3 წლის თინათინი და წლინახევრის ვახტანგი სრულწლოვანები რომ გახდნენ, ყარაგანდაში გადაასახლეს.