20 მარტი, 2021

ოთარ ჭილაძის გამხელილი საიდუმლო

კლასიკოსი შემოქმედი ოთარ ჭილაძე თაობებს აღაფრთოვანებს თავისი გულწრფელი ნაწარმოებებით.

თავისი დაბადებაც კი მან საოცრად ლამაზად გადმოგვცა და თითქოს დიდი ხნის საიდუმლო გაგვიმხილა, რომელიც მისი მშობლიურ სიღნაღთან არის დაკავშირებული:

“დიდხანს ვფიქრობდი, სად დავბადებულიყავი და ბოლოს ეს ადგილი ავირჩიე. სიღნაღი.
მართლაც საოცარი ადგილია. უსასრულოდ შეგიძლია უყურო ალაზნის ველსა და გაცრეცილ ღრუბლებში ცუდად დამალულ კავკასიონს.

სიღნაღში უნდა ავიდე ერთი თვით, აუცილებლად. თუმცა ლაშა ამბობს, სასტუმროში დიდი სიბინძურეაო. არ ვარგა, რომ რესტორანს სახელი გამოუცვალეს. ადრე „ფანტაზია“ ერქვა. ეტყობა ახლანდელ მესვეურებს ფანტაზიაც აღარ ჰყოფნით.

***
ქართული სული: ძალიან გვინდოდა მაჭარი. სიღნაღში, რა თქმა უნდა, არ იყო. გზაზე, როცა უკან ვბრუნდებოდით, შემთხვევით გავაჩერებინე მანქანა და პირველსავე შემხვედრს ვთხოვე, ერთი ბოთლი მაჭარი მაშოვნინე-მეთქი.
ჩაგვიჯდა მანქანაში და შინ მიგვიყვანა. დაფაცურდნენ ქალები – დედა და ცოლი, და ერთ წუთში მშვენიერი სუფრა გაგვიშალეს.
ძალიან ავღელდით.
ნამდვილი, უანგარო პატივისცემა და ადამიანობა ესაა.

ფულზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. მაინც ამოვიღე თუმნიანი და მასპინძლის პატარა ბიჭს – ნიკოს ვაჩუქე, თან ზედ წავუწერე, ჩემს სახელზე კანფეტი იყიდე-მეთქი. მასპინძელი აიმრიზა, ვითომ ეგ რად გინდოდაო. ბოლოს მითხრა, ასი წლის მერეც რომ მოხვიდე, ეგ თუმნიანი შენი წარწერით ასევე დაგხვდებაო. გადავკოცნე, ან რა უნდა მეთქვა?! ღმერთმა ჯანმრთელად და შეძლებულად ამყოფოს მისი ოჯახი.”