24 მარტი, 2021

ნიკო ლორთქიფანიძის საუკეთესო ჩანაწერი

მწერალმა ნიკო ლორთქიფანიძემ ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში – 1916 წელს დაწერა ჩანახატი “მონა” და ის XXI საუკუნეშიც აქტუალურია:

“ჯვარედინ გზაზე ისმის:
– გასწორდი წელში, ასწიე მაღლა, ამაყად თავი, მოიღერე კისერი, თავისუფლება მიეც გულ-მკერდს ჰსუნთქე მსუბუქი ჰაერი, ნუ ჩამოგიშვია ცხვირი, დაიჭირე მზის სხივები, მიაპყარ სმენა გალობას, დასტკბი ვარდთა ჰყნოსვით!
– მე მონა ვარ!..
– რა ვუყოთ! იბრძოლე! გათავისუფლდები.
– მე სუსტი ვარ.
– თავისუფლების სიყვარული მოგცემს მოსეს კვერთხს და დავითის შურდულს.
– არ მაქვს იმედი.
– არაფერია, ბრძოლაში იმედიც დაიბადება.
– მეშინია უარესის.
– მონობაზე უარესი რაღა იქნება?
– სიკვდილი, შიმშილი.
– მონა ხარ, მართლაც ჭეშმარიტად მონა,
ნაკლებად საცოდავი, ვიდრე საზიზღარი.”