16 მარტი, 2021

ნანა მჭედლიძის ფილმების საიდუმლო

საკმარისია გაგვახსენდეს ფილმი “იმერული” ესკიზები” და მაშინვე თვალწინ დაგვიდგება არაჩვეულებრივი რეჟისორი ნანა მჭედლიძე.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მას ბავშვობიდან უყვარდა თეატრი და თანატოლებთან ერთად სპექტაკლებს დგამდა. ბავშვები ბილეთებს ყიდდნენ, მაყურებელს ეპატიჟებოდნენ წარმოდგენებზე და ამით ილამაზებდნენ ბავშვობას.

ნანა მჭედლიძე 10 წლამდე ხონში ცხოვრობდა და ეს იყო მისი ცხოვრების ულამაზესი პერიოდი. სულ აღნიშნავდა, ამბობდა იქ გატარებული წლები ჩემთვის საუკეთესო იყოო.

თეატრალურში ისე ჩააბარა, ოჯახში არ იცოდნენ. თეატრის განხრით დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და კინოში მერე გადაინაცვლა.

ქართულ კინოში გასული საუკუნის 60-იან წლებში მივიდა და სახელი – ნანა მჭედლიძე – მშობლიურ კინემატოგრაფში გამორჩეულად ჩაწერა. მისი ხელწერის მთავარი საიდუმლო ზედმიწევნით გულიანი მუშაობა იყო:

“როდესაც ვუყურებ ჩემს მიერ შექმნილ ფილმებს, გამოგიტყდებით, მხოლოდ ერთი სურვილი მამოძრავებს, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს. უსაშველოდ გრძლად და გაუთავებლად მეჩვენება ყველაფერი. მართლაც ფილმი, რომლის შექმნის პერიოდში ღამეები მითევია, თავგანწირვითა და გატაცებით მიმუშავია, ჩემთვის სრულიად კარგავს ინტერესს, როცა მზად არის და რომ მქონდეს უფლება, არავისაც არ ვუჩვენებდი. ვუყურებ ეკრანს და გულში ვამბობ, “არა, ეს ის არ არის რაც უნდა იყოს.”