16 მარტი, 2021

ილია ჭავჭავაძის წერილები 60.000 ლარად იყიდება

წმინდანად შერაცხული მწერლისა და პოეტის ილია ჭავჭავაძის წერილები 60.000 ლარად იყიდება.

ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი ლევან თაქთაქიშვილი ავრცელებს:

“ჩემო საყვარელო ქართველებო! მე ვალდებული ვარ, მოგახსენოთ ერთი ფრიად საჩოთირო ამბავი.
ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, არანორმალურ მდგომარეობაში მყოფი ვწერ. ხელები მიკანკალებს, მაგრამ ძალა მივეცი ჩემს თავს დავწერო. ეს მე ბევრ პრობლემას შემიქმნის, მაგრამ… ასე იყოს. აღმოვჩნდები ლანძღვის ქვეშ. მე მზად ვარ, გავუძლო.

რამდენიმე ხნის უკან მე ვიყავი ცნობილი მეცნიერის და უდიდესი მამულიშვილის, ჩემთვის მეტად მიღებული პავლე ინგოროყვას ოჯახში. ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა ლაშა ბაქრაძემ წინა წელს შეგვატყობინა, რომ ბატონი გიო მგელაძე ყიდდა მისი წინაპრის პავლე ინგოროყვას არქივს და რადგან ვერ ყიდულობდა ლიტერატურის მუზეუმი, იქნება, ჩვენ გვეყიდა.

პირველივე შეხვედრაზე, როცა არქივი სახელდახელოდ დავათვალიერე, თვალში მომხვდა მთაწმინდელის ავტორობით დაბეჭდილი წიგნი ნიკოლოზ ბარათაშვილზე, რომელსაც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საინვენტარო ნომერი ჰქონდა, გამოცემა დღემდე ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ამ საზოგადოების ბიბლიოთეკის დეზიდერატაა. ეს მითითებულია კიდეც ბეჭდურ კატალოგში.

ბატონ გიოს ვუთხარი ამის შესახებ. შედეგი იყო ის, რომ ეს ვიზიტი უკანასკნელი აღმოჩნდა. მან მოითხოვა არქივის ასაღწერად სხვა თანამშრომლები. გავაგზავნეთ სხვა ორი თანამშრომელი, რომლებმაც ამ არქივში ილია ჭავჭავაძის წერილები აღმოაჩინეს. ორიგინალები. შედეგი: ეს ხელნაწერები ბატონმა გიომ სხვა ოთახში გაიტანა. არქივის ნაწილის აღწერის დასრულების შემდეგ მან მოითხოვა ინგოროყვას ამ ნაწილში 60 000 ლარზე მეტი. ჩვენი მოთხოვნა ილია ჭავჭავაძის ხელნაწერთა გადმოცემის შესახებ უარით დასრულდა.

დღეს გავიგე, ეს ხელნაწერები იყიდება. მყიდველიც არის. მე მინდა მოვახსენო მთელ ქართულ საზოგადოებას, მის მყიდველსაც და გამყიდველსაც, რომ ცხონებულ პავლე ინგოროყვას თავის გამოცემაში: ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, თბ. 1952 წელი. ეს ხელნაწერი აღწერილი აქვს და უწერია, რომ დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, s ფონდში. # 5029. ფოტოც იხ. დანართში, აღნიშნული წერილების ფოტოებიც მოვიპოვე. დიდი მადლობა გიორგი კალანდიას.

ეს ხელნაწერები სახელმწიფო საკუთრება იყო. ის ამ სახელმწიფომდე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების იყო. ასევე წიგნიც. მათი ყიდვა-გაყიდვა დანაშაულია. დანარჩენი თქვენ იცით.”