20 მარტი, 2021

იკორთიდან გატაცებული სიწმინდეები

XII საუკუნეში აგებული იკორძის უძველესი ქართული ტაძრიდან სიწმინდეები გაიტაცეს.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

“როგორც ოსური რუსულენოვანი საიტები იუწყებიან, 1990-იან წლებში ოსებს იკორთიდან გაუტაციათ წმ. ბიძინა ჩოლოყაშვილის, წმ. შალვა და წმ. ელიზბარ ქსნის ერისთავთა ნეშტები და ქ. ცხინვალის ღვთისმშობლის ტაძარში დაუსვენებიათ.

2008 წელს კი სამი ძვალი გადაუციათ ვლადიკავკაზის ეპარქიის ალაგირის ალანიის ღვთისგანცხადების დედათა მონასტრისათვის, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება.

ოსები ამ დიდ ქართველ წმინდანებს და საქართველოს ეროვნულ გმირებს ეთნიკურად ოსებად აცხადებენ! აქვე დავურთავ იკორთის ტაძარში წმინდა მოწამეთა სამარხზე არსებული საბჭოთა პერიოდის მარმარილოს ქართულწარწერიანი დაბზარული დაფის ფოტოს. დასადგენია, რამდენად მართლა მათი ნეშტები ამოთხარეს ოსებმა, თუ სხვა ძვლებს დაატარებენ შეცდომით!

აქვე იხილეთ ცხინვალის ოსური სქიზმატური “ალანიის ეპარქიის” გვერდის სტატია, სადაც აღნიშნულია რომ შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები ეთნიკურად ვითომდაც ოსები ანუ ალანები იყვნენ, ცარაზონთა სამეფო დინასტიიდან. ქართული საისტორიო წყაროებით ქსნის ერისთავთა დინასტია ოსური წარმოშობისაა, სიდამონების (მეორე ვერსიით ბიბილურების) გვარიდან, მაგრამ ეს ეხება მე-6 საუკუნეს და შემდგომ ისინი სრულიად გაქართველდნენ და ქართველები იყვნენ და არიან. ქსნის ერისთავთა წარმომადგენლები ახლაც ცხოვრობენ საქართველოში და მსოფლიოში და მათი ოსებად გამოცხადება ნამდვილი კურიოზია.

წმინდა მოწამეთა სამარხი იკორთის ტაძარში (იხ. ფოტო). არ ვიცი წმინდათა ნეშტი ამ კედელში, მარმარილოს ქვის დაფის უკან იყო, თუ დაბლა იატაკის ქვეშ. დამტვრეული მარმარილოს დაფის ნაპრალში თითქოს ბნელი სივრცეა, თუ ასეა, მაშ დაფის უკან არის სივრცე (ნიშა), სადაც ეწყო წმინდა ნაწილები, ანუ ნეშტი.”

წმ. ბიძინა, შალვა და ელიზბარის სანაწილე ცხინვალში

წმინდანთა სამი ძვალი

წმინდა მოწამეთა სამარხზე არსებული საბჭოთა პერიოდის მარმარილოს ქართულწარწერიანი დაბზარული დაფა იკორთაში