6 მარტი, 2021

ჰოლივუდისგან დაჩაგრული ია ფარულავა

მსახიობი ია ფარულავა პირველი ქართველი მსახიობი აღმოჩნდა, ვინც გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ამერიკისკენ აიღო გეზი, საცხოვრებლად ლოს ანჯელესში გადავიდა და სხვადასხვა ფილმებისთვის გამოცხადებულ შესარჩევ კონკურსებშიც აქტიურად მიიღო მონაწილეობა.

იას ამერიკული ცხოვრება იმით დასრულდა, რომ მისი “ეგზოტიკური” გარეგნობა რეჟისორებისა და პროდიუსერებისთვის რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა, რის გამოც, მსახიობი იმედგაცრუებული არაერთხელ დარჩა.

ამის შესახებ ია ფარულავამ თავის წიგნში “თამაში თამაშის გარეშე” გულწრფელად ისაუბრა:

“1993 წელს ბედმა აშშ-ში კერძოდ ლოს-ანჟელესში გადამისროლა, ჯადოსნური ჰოლივუდის მშობელ მეგაპოლისში. აქ მოხვედრას და გავარსკვლავებას ხომ მსოფლიოს მილიონობით დამწყები თუ უკვე გამობრძმედილი მსახიობი ოცნებობს.

მეც მექაში მოხვედრილი პილიგრიმივით მივყევი დინებას და პირველი იერიში აქცენტზე მივიტანე. თუმცა ჰოლივუდმა ცოტა არ იყოს მე დამჩაგრა, რადგან აქცენტის გარდა მქონდა მეორე დაბრკოლებაც – ეთნიკური შესახეხედაობა. აგენტისა თუ მენეჯერების დაჟინებული თხოვნა შემეცვალა გარეგნობა, ჩამესვა ლინზები და ამით რუსს ან სხვა სლავური გარეგნობის ქალს დავმსგავსებოდი ყურად არ ვიღე. (აქცენტი ამ შემთხვევაში პრობლემა აღარ იქნებოდა) ჩემი გარეგნობით რა როლიც შეიძლება მომეპოვებინა ეს იყო ქალის სახე ლათინური ამერიკიდან.

თუმცა ქალები სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან თუ ესპანეთიდან უხვად იყვნენ და ღირსეულ კონკურენციას მიწევდნენ. ყოფილა შემთხვევები რომ სინჯები როლისთვის სალმა ჰაიეკთან და ჯენიფერ ლოპესთან ერთად გამივლია. მაშინ არ იყვნენ ისინი ასეთი ცნობილები, იწყებდნენ. თუმცა ლათინოს როლზე ვერ გავუწევდი ვერანაირ კონკურენციას.

ბევრ სინჯზე ჩემი სამსახიობო მონაცემებით ტაშიც კი დავიმსახურე, მაგრამ უარით მისტუმრებდნენ – ჩემი გარეგნობა პროდიუსერების ხედვას არ შეესატყვისებოდა…

…მსახიობის სავალდებულო ოსტატობაში ჩემი გამოცდილება საკმაოდ შეზღუდული აღმოჩნდა. როლის მოსაპოვებლად მანამდე არ გამომიყენებია “ცივი კითხვა” (cold reading) – ჰოლივუდში დამკვიდრებული ცნობილი მეთოდი, რომელსაც სინჯების დროს იყენებენ, როდესაც მსახიობი როლს კითხულობს და იმავდროულად თამაშობს კიდეც. არ ვიცოდი რა იყო კონკურენცია და უარით მიღებული დამცირება…

იქ უნდა აღმოჩნდე სწორ დროს, სწორ ადგილას, რაც ჩემს შემთხვევაში კარიერის კუთხით არ მოხდა. დღეს სულ სხვა დროა, არაჩვეულებრივი ახალგაზრდები გყვავს და მე მჯერა რომ ერთ დღეს აუცილებლად გვეყოლება ქართველი ჰოლივუდის ვარსკვლავი…”