15 მარტი, 2021

გივი სიხარულიძე: “ყოჩაღ, ბიჭო! ძალიან მასიამოვნე”

მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ფართო საზოგადოებას სთავაზობს იმ თემებს, რაც მისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ამჯერად ხელოვანი საბჭოთა კავშირში პირველი ფონოგრამის ისტორიას გვიამბობს:

“ყოჩაღ, ბიჭო! ძალიან მასიამოვნე… სიზმარი მეშვიდე

1936 წლის 5 ნოემბერი. ლავრენტი ბერიას კაბინეტში საბჭოთა კავშირის უშიშროების ნარკომის ზარი გაისმა:

– Здравствуйте, Лаврентий Павлович! Как поживаете? (გამარჯობა, ლავრენტი პავლეს ძევ! როგორ ბრძანდებით?)

– Спасибо, хорошо. Как вы? (გმადლობთ, კარგად, თქვენ როგორ?)

– Тоже хорошо. (მეც კარგად!)

ჩვეულებრივ მოკითხვას ეჟოვმა ძირითადი სათქმელი მოაყოლა: ბელადის ბრძანებით, მოსკოვში საქართველოს კულტურის დღეების ჩატარების შესახებ.

კომიტეტის თავმჯდომარემ სათქმელის დამთავრებისთანავე დადო ყურმილი…

ლავრენტი ბერიამ იმავე დღეს შეკრიბა ბიუროს წევრები, შეატყობინა დავალების ამბავი და კულტურის მინისტრს უბრძანა, მეორე დღიდანვე დაეწყო მზადება.

საქმეს სათავეში იმ დროისათვის ყველაზე ძლიერი რეჟისორი ჩაუყენეს, რომელიც დილიდნ გვიან ღამემდე არ გამოდიოდა სარეპეტიციო დარბაზიდან.

კვირაში ერთხელ ქალაქის პარტიული კომიტეტის მდივანი და კულტურის მინისტრი ერთად ამოწმებდნენ ყველაფერს. საქმე შესანიშნავად მიიწევდა წინ და აი, მოსკოვში გამგზავრებამდე 10 დღით ადრე, დაინიშნა გენერალური რეპეტიცია, რომელსაც თავად ამხ. ბერია ესწრებოდა. გაიხსნა ფარდა. სცენაზე ქართულ ეროვნულ კაბაში გამოწყობილი ულამაზესი ქალი გამოჩნდა, რომელიც საქართველოს დელეგაციის სახელით რუსულად მიესალმა დიდ ბელადს, ხოლო რუს ხალხს უსურვა დღეგრძელობა, საბჭოთა ქვეყნის შვილებთან ერთად, ერთიან ძმურ ოჯახში. შემდეგ რამდენიმე წამით შეჩერდა და გამოაცხადა, რომ პირველ ნომრად შესრულდებოდა ბელადისადმი მიძღვნილი ქართული სიმღერა, რომელსაც დები შუშხიაშვილები შეასრულებდნენ.

სცენაზე ქართულ კაბებსა და ჩიხტიკოპეპში გამოწყობილი 9 „შავი ყვავი“ გამოჩნდა.

ბერია, მოგეხსენებათ, სილამაზის დიდი მოტრფიალე და შემფასებელი გახლდათ. ქალების შემხედვარემ, – შესდექითო, – ისე დასჭექა, რომ რეჟისორი და კულტურის მინისტრი საშინელ დღეში აღმოჩნდნენ. მერე ისინი გვერდით გაიხმო და მკაცრად დატუქცა:

– როგორ მოგაფიქრდათ, ბელადის წინაშე, ქართველი ქალის ამ სახით წარდგენა?

– რა ვქნათ, ბატონო ლავრენტი, დღეს საქართველოში ამათზე კარგად არავინ მღერის…

– Молчатъ, идиоты! (გაჩუმდით, იდიოტებო!) – დაიგმინა მან, შემდეგ პიჯაკის ჯიბიდან კალმისტარი ამოიღო, მინისტრს ქაღალდი გამოართვა და რაღაცის წერას შეუდგა.

რამდენიმე წუთში წერას მორჩა და მინისტრს მიაწოდა, წაიკითხეო.

შიშისაგან აკანკალებულმა მინისტრმა თბილისელი ცხრა ულამაზესი ქალის გვარი ამოიკითხა. ბერიამ გარშემომყოფთ მრავალისმეტყველად გადახედა და ბრძანა, ყველანი ერთ საათში მომგვარეთო.
დანიშნულ დროს მართლაც, ყველანი იქ მიჰგვარეს. ბერია დიდი სიყვარულით მიესალმა მათ და შეაპარა, სიმღერა და ჩონგურზე დაკვრა თუ იცითო? დადებითი პასუხი ორისგან მოისმინა, ხოლო დანარჩენებმა უარის

ნიშნად მორცხვად დახარეს თავი.
– დიდა ფხოდი, – მეგრულად გადაულაპარაკა თავის ადიუტანტს:
– ეტყობა, ღმერთი შესახედაობას რომ გაძლევს, იქვე სხვა რამეს გართმევს.
მაგრამ უკმაყოფილება დამალა და რეჟისორს უთხრა: ხვალ საღამოს უკვე მატარებელში ისხედით. ერთ კვირაში ამ ქალებმა სიმღერის ტექსტიც ზეპირად უნდა იცოდნენ და ჩონგურზე სიმების სწორად ჩამოკვრაცო.

ესა თქვა და ისე, რომ არავისთვის ზედ არ შეუხედავს, გატრიალდა და წავიდა. თუმცა ბერიას დანაბარები ზუსტად კი შეასრულეს რეჟისორმა და ქალებმა, მაგრამ არავინ იცოდა, რა ჰქონდა ჩაფიქრებული ამხ. ლავრენტის.
როცა კონცერტის დღე დადგა და დიდ თეატრში ფარდა აიხადა, ულამაზესი ქართველი ქალი ბელადზე მისასალმებელი სიტყვით წარდგა მაყურებელთა წინაშე. ტაშის გრიალი ერთ საათს გაგრძელდა. დარბაზში მთელი პოლიტბიურო შემოვიდა. ბელადი არსად ჩანდა.

ახლა მათ მიესალმნენ ტაშით. ტაში 10 წუთს გაგრძელდა. დიდი პაუზის შემდეგ გამოჩნდა ბელადი, რომელსაც გოშიებივით მიჰყვებოდნენ საბჭოთა კავშირის გმირები – ვოროშილოვი და ბუდიონი.
ნახევარი საათის განმავლობაში ისმოდა შეძახილები: დიდება ბელადს… შეძახილს მქუხარე ტაში აგვირგვინებდა. როგორც იქნა, ოვაციები დაცხრა და კონფერანსიემ რუსულად გამოაცხადა: – პირველ ნომრად შესრულებული იქნება სიმღერა ბელადზე. სიმღერას შეასრულებენ დები შუშხიაშვილები.

სცენაზე ცხრა უზადო სილამაზის ფერია გამოგოგმანდა. მათმა გარეგნობამ მთელი დარბაზი ფეხზე წამოაყენა. ისინი თავაწყვეტილნი გაჰყვიროდნენ: „Грузия, Грузия“ (საქართველო, საქართველო!).
ამბობენ, ბუდიონს, რომელიც უკვე მოხუცი იყო და აღარაფერი უკრთოდა, მათ შემხედვარეს, ისედაც აპრეხილი ულვაშები სულ ყალყზე წამოუდგაო.

სტალინს სიამოვნებისაგან გაეღიმა. სცენის შუაგულში ქართული ჭირნახულით დახუნძლული და უშველებელ ქვევრშემოდებული კახური ურემი იდგა. ქვევრში დები შუშხიაშვილები ისხდნენ, შიგნით გაყვანილი მიკროფონებით.
ულამაზესმა ფერიებმა ჩონგურის სიმებს თლილი თითებით ჩამოჰკრეს და ქვევრიდან მომღერალი ქალების სიმღერას თავიანთი ბაგეების მოძრაობა ააყოლეს.
როცა სიმღერა დასრულდა, ხალხმა ტაშით გააყრუა იქაურობა. „ბისზე“ შესრულებული სიმღერა ორჯერ გაამეორებინეს.

კონცერტმა ორ საათს გასტანა. დამთავრების შემდეგ ბელადმა ბერია თავისთან მიიხმო და შეაქო: ყოჩაღ, ბიჭო! ძალიან მასიამოვნე…
ბერია სიხარულით მეცხრე ცას ეწია, მაგრამ რამდენიმე წუთში თითქმის ყველაფერი წყალში ჩაეყარა. სტალინმა ეშმაკურად ჩახედა თვალებში და დასძინა:-ის დები ძალიან მომეწონენ. დღეს აუცილებლად წამოიყვანე კრემლში, ბანკეტზე რამდენიმე სიმღერა ვამღეროთ.

ბერიამ ფერი დაკარგა. ცოტაც და, ალბათ, გულიც გაუსკდებოდა, რადგან იცოდა, რომ კრემლში ქვევრს არავინ შეატანინებდა.
როცა ბელადმა შეატყო, რომ საწყალი ლავრენტი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო, მეგობრულად მხარზე ხელი გადახვია და დინჯად უთხრა:
– ნუ ნერვიულობ, ლავრენტი, ქვევრი უკვე კრემლშია…

ასე ჩაეყარა საფუძველი საბჭოთა კავშირში პირველ ფონოგრამას.”