21 მარტი, 2021

გიორგი ონიანის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება

ოპერის მომღერალი გიორგი ონიანი თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას ავრცელებს:

“ყველანაირი უბედურების სათავე სწორედ იქ არის, როცა მავანნი ჩაწყობით ახვედრებდნენ უმაღლეს სასწავლებლებში შვილებს. სტუდენტობის დროს ისევ ახლობლების ჩარევით ან ჩათვლის წიკნაკში ჩადებული ფულით გადადიოდნენ კურსიდან კურსზე. მერე კიდე ვიღაცის მიერ დაწერილი სადიპლო ნაშრომებით აღებული დიპლომები… ცოტა მოზრდილი ბანკეტით და ასევე ვიღაცის ნაშრომით სამეცნიერო ხარისხის დათრევაც არ იყო პრობლემა…

შედეგი? შედეგი ისაა, რომ აქვთ დიპლომები, ჰქვიათ ინჟინრები, ექიმები, იურისტები, ჟურნალისტები და ა.შ.
ასეთი ექიმი ვერასდროს მოარჩენს ავადმყოფს (თუ პირიქით, არ დაღუპა), ასეთი გზით გამხდარი ინჟინერი ვერასდროს დაგიგებს და დაგიპროექტებს კარგ გზას, ვერ ააშენებს კარგ სახლს და კორპუსს, ვერ გათვლის საფრთხეებს, ვერ ააშენებს ჰესებს, რომელიც სწორად იქნება შერჩეული და უსაფრთხოება დაცული. ასეთი იურისტები ვერასდროს იქნებიან კარგი იურისტები, ასეთ ჟურნალისტებს ყოველთვის შეეშლებათ გრამატიკა და ხშირად გაგვანებივრებენ : “ვიზავ”, “ვასხავ”, “ბევრი მოსწავლეები”, “მრავალი შესაძლებლობები” და სხვა ასეთ ელემენტარულ შეცდომებით.

საბედნიეროდ, ბევრს მართლაც კარგი განათლება აქვს მიღებული და არის თავისი საქმის პროფესიონალი, მაგრამ შესაბამის ადგილას, სადაც მათი პროფესიონალიზმი უნდა გაბრწყინდეს და ქვეყნის საკეთილდღეოდ შეძლონ საქმის კეთება – ასეთ ადგილებზე სწორედ ის დიპლომიანი, დიდი ამბიციების და მცირე თავმოყვარეობის მქონე პიროვნებები არიან წამოსკუპებულნი (ალბათ ისევ მათთვის ჩვეული მეთოდებით) და “აშენებენ” ქვეყანას…

ჩემი მშობლები 56 წელი ასწავლიდნენ სკოლაში, უამრავი თაობა აღზარდეს და ერთხელ მითხრა დედაჩემმა: ადრე ვეუბნებოდით ბავშვებს, ისწავლეთ კარგად და წარმატებული ადამიანები გამოხვალთო… ახლა ვეღარ ვეუბნებით, თუ ვინმე ოროსანი იყო, ყველა უკეთესად ცხოვრობს, ვიდრე ვინც მართლა ისწავლაო… ბავშვიც მგრძნობიარე და დაკვირვებული არსებაა, ხედავს ვინ რა ტრანსპორტით გადაადგილება, ვის როგორი სახლ-კარი თუ აგარაკი აქვს, ვინ რა ცხოვრებით ცხოვრობს და ასეთი მაგალითები ბავშვობაშივე აბნევს და უნგრევს სტერეოტიპებს.

პროფესიონალური არაპროფესიონალიზმი ანგრევს ქვეყანას!”