3 მარტი, 2021

ეროსი მანჯგალაძის არაჩვეულებრივი ამბავი

მსახიობ ეროსი მანჯგალაძის ცხოვრებიდან მისმა ათასობით ერთგულმა მაყურებელმა თითქმის ყველა ეპიზოდი ზეპირად იცის, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი არაჩვეულებრივი ამბავი უსაყვარელ ძაღლ ტანგოზე და თბილისის “დინამოზე”.

ანი ანდრონიკაშვილი:

“ქართველი ლევიტანი”, “იმპროვიზაციის დიდოსტატი”, “დიდი ბავშვი” – ასე ეძახდნენ მეგობრები ეროსი მანჯგალაძეს, კაცს, რომელსაც არც სიცოცხლეში და არც გარდაცვალების შემდეგ მაყურებლის სიყვარული არ მოჰკლებია.

მარტოობას, როგორც მისი მეგობრები ამბობდნენ, ერთი უჯიშო, ყრუ და კოჭლი ძაღლი ატანინებდა, რომელიც ქვეყანას ერჩია. ეს ძაღლი მოსკოვში აჩუქეს, იაპონური ჯიშის იყო და სახელი ტანგო ეროსიმ დაარქვა, ბავშვობაში სოფელში ძროხა ჰყავდა ტანგო და იმის საპატივცემულოდ.

ნუგზარ ჯუღელი: “ეს ტანგო უნდა გენახათ რას ჰგავდა. იყო ერთი უსახური, დაბანჯგლული, დაბალი ფეხებით, საშინელი გადმოკარკლული თვალებით, პატარა ტანის. ეროსისთან სახლში სუფრასთან რომ ვიჯექით, მინიმუმ შარვლის ტოტს მაინც შეგიჭამდა. მაგრამ, ეროსი გიჟდებოდა ამ ძაღლზე. კარგი ბიჭი იყავი და ტანგოზე აუგი გეთქვა. იმ წუთში გარეთ გაგაგდებდა.”

ტანგოს იცნობდა მთელი ვაკე, რადგან ხშირად იკარგებოდა და ბარნოვის ქუჩის მცხოვრებლები თავგამოდებით ეძებდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ეროსის სიხარული ეს ძაღლი იყო. მართლაც ისე უყვარდა, რომ როდესაც რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი გასტროლების დროს რუმინეთში ძაღლის წაყვანის უფლება არ მისცეს, ბუქარესტში გამგზავრებაზე უარი თქვა, სანამ პირობა არ მიიღო, რომ ძაღლს კინოლოგი მოუვლიდა.

ერთი ამბავიც მომხდარა. გასტროლების დასრულების შემდეგ საბჭოთა საელჩოში ქართველ მსახიობებს ბანკეტი გაუმართეს. ელჩმა ეროსის სთხოვა, სადღეგრძელო ეთქვა. ტანგოს გაუმარჯოსო, უთქვამს. რა თქმა უნდა, არც ელჩმა და არც იქ დამსწრე საზოგადოებამ, ქართველების გარდა, ეროსის ძაღლზე არაფერი იცოდნენ. იფიქრეს, მსახიობმა ეს სადღეგრძელო არგენტინული ტანგოს საპატივცემულოდ შესვა და ორკესტრმაც მაშინვე ტანგო დაუკრა.

ტანგოს გარდაცვალება ძალიან განიცადა და დიდი პატივით დაასაფლავა კუს ტბაზე. სესილია თაყაიშვილს და დოდო აბაშიძეს სამძიმრის დეპეშა გაუგზავნიათ – “ქელეხი არ გამოგვაპაროთ, თქვენი კეთილისმსურველები”. გაიგო ეროსიმ, ვინ გაუგზავნა დეპეშა და დიდხანს არ ელაპარაკებოდა არც სესილიას და არც დოდოს.

ძველი თაობის ფეხბურთის გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ, ეროსი მანჯგალაძე ფეხბურთის რეპორტაჟების წაყვანისას თბილისის “დინამოს” გატანილ გოლებს თამაშის დასრულებისთვის რომ ინახავდა. ერთ ამბავს თავად ასე იხსენებდა:

“1946 წელს, მაშინ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა რადიოკომენტატორს მოსკოვში თბილისის “დინამოს” და ერთი იქაური გუნდის მატჩის რეპორტაჟი უნდა წამეყვანა. დაიწყო შეხვედრა და მალე თბილისელებმა ანგარიში გახსნეს. რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვაუწყე ქართველ რადიომსმენელს. წარმოვიდგინე მათი დიდი სიხარული – მოსკოვის იმ გუნდის დაჯაბვნა იოლი არ იყო.

აი, თბილისელებმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს. რაღაც ეშმაკი შემიჯდა. მოდი, ამ ერთ ბურთს “შავი დღისთვის” შევინახავ-მეთქი და მსმენელს არაფერი ვაუწყე. პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდება. ორი ბურთის უპირატესობა, რა თქმა უნდა, საგრძნობი იყო, მაგრამ რა იცოდნენ ამის შესახებ თბილისში, იქ ხომ ისევ იმ ერთადერთ ბურთს დაჰკანკალებდნენ. ტაიმი დასრულდა, “ამხანაგო რადიომსმენელებო, ამით ვამთავრებ პირველი ნახევრის რეპორტაჟს მოსკოვიდან, ანგარიში 1:0 თბილისელთა სასარგებლოდ.

დაიწყო მეორე ტაიმი, მალე მოსკოველებს გააქვთ ერთი გოლი. აქ ოლიმპიური სიმშვიდე გამოვიჩინე და განვაცხადე ანგარიში 1:1. ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდა, მოსკოველმა თავდამსხმელმა მეორე ბურთი გაიტანა. ახლა საშინლად შემეცოდნენ თბილისელები. ანგარიში თანაბარი იყო, მაგრამ ეგონათ, რომ “დინამო” აგებდა!

შემეცოდა და “გამოვიყენე” კიდეც 40 წუთის წინ “შენახული” ბურთი. გულწრფელად განვაცხადე – არა, თბილისელები არ აგებენ, ანგარიში თანაბარია 2:2. “დინამოელებმა” მალე მესამე ბურთი გაიტანეს, ეს უკვე გამარჯვება იყო. 3:2. მატჩიც სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა.”

ერთ-ერთი შეხვედრის დროს თბილისის “დინამო” დიდი ანგარიშით მარცხდება. დინამოელთა საჯარიმოსთან მსაჯმა ჯარიმა დანიშნა. ქართველმა ფეხბურთელებმა “ცოცხალი კედელი” აღმართეს. ეროსი მანჯგალაძემ, რომელიც “დინამოს” თამაშით უკმაყოფილო იყო, თავისი განწყობის შესაფერისი ფრაზა რადიოეთერში პირდაპირ თქვა – “აღმართეს მკვდრებმა ცოცხალი კედელი!”

ამ ფოტოს შეხედავ და იფიქრებ მართლაც – ნეტა “იქ” თეატრი არიის?

3 მარტი ეროსის დაბადების დღეა.”