29 მარტი, 2021

ძალიან კარგი წერილი მუხრან მაჭავარიანზე

ყველა ქართველს თავისი წილი მუხრან მაჭავარიანი ჰყავს. პოეტი, რომელიც ყველა ქართველს სულს აუფორიაქებს, სისხლს აუჩქროლებს და პატრიორტიზმის მარცვალს უმაღლეს დონეზე გაუღვივებს.

მუსიკოსი გია ბაღაშვილი მუხრან მაჭავარიანზე არაჩვეულებრივ მოგონებას გვიზიარებს:

“ძალიან გამიმართლა, რომ სულ პატარა ასაკიდან დღემდე, უამრავ გამორჩეულად საინტერესო ადამიანს შევხვედრივარ. მათ შორის ისეთებს, პიროვნული და შემოქმედებითი მასშტაბის გათვალისწინებით, თამამად რომ შეგიძლია ეპოქალური მნიშვნელობის პიროვნება უწოდო. ასეთი იყო ბატონი მუხრან მაჭავარიანი.

15 წლის წინ, საბურთალოზე, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, უფროსკლასელებთან გამოკითხვა ჩაატარეს, ვისთან ისურვებდნენ შეხვედრას. მათ აირჩიეს ბატონები მუხრან მაჭავარიანი, კახი კავსაძე, ჯემალ ჭკუასელი და რატომღაც, მე. ძალიან გამიკვირდა და ცხადია, გამიხარდა, რომ პატივი დამდეს და ამ დიდებულ ხალხთან ერთად მიმიწვიეს. კახი კავსაძე და ჯემალ ჭკუასელი ჩემი ოჯახისთვის ახლობელი და ძვირფასი ადამიანები არიან და მათ ლამის მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. აი, ბატონ მუხრანს კი მაშინ პირველად შევხვდი და დღემდე დაუვიწყარია ჩემთვის ის საღამო.

საოცრად თბილად შემხვდა. შემაქო, გამამხნევა, მიხარია, რომ ქართულ საქმეს აკეთებო. წარმოუდგენელი მუხტის მომცემი იყო ჩემთვის მისი ეს სიტყვები. დღემდე ძალას მაძლევს!

მკითხა, ხომ არ იცი, ვინ ვის მერე ვსაუბრობთო. ახლავე გაგირკვევთ-მეთქი. დირექციასთან პროგრამა მოვიძიე და გადავეცი. ფურცელს დახედა, ღიმილით ამომხედა და მითხრა: “ამას წინათ, ასეთივე საღამოზე, პოეტები შეგვკრიბეს ერთად. ეტყობა ორგანიზატორმა იფიქრა, რიგითობის დაცვისას ვინმეს რამე არ ეწყინოსო და ეს საქმე პოეტებს გადმოგვილოცა – თავად შეადგინეთო პროგრამა. ვხედავ, ერთ ახალგაზრდა პოეტს თავისი გამოსვლა ჩემს შემდეგ ჩაუნიშნავს. მივედი და ვუთხარი, ჩემს თვალში ყველაზე გამბედავი კაცი ხარ ამ ქვეყნად-მეთქი. რატომო, მკითხა. იმიტომ რომ, ჩემს მერე, მე თვითონ მეშინია ლექსის თქმა!”

მართლაც, სწორუპოვარი პოეტი იყო და განსაცვიფრებლად კითხულობდა საკუთარ ლექსებს. ვერც ერთი დიდი არტისტი შეედრებოდა.

რამდენჯერაც ტელეეკრანებიდან, საინფორმაციო გადაცემებში, თავზარდაცემი ამბების ღიმილითა და სიხარულით მთხრობელ ქართველ ტელეწამყვანებს ვხედავ, იმდენჯერ მუხრან მაჭავარიანის სტრიქონები მახსენდება:

“ვინც გინდა იყავ, –
გინდ არქიფო,
თუ გინდა ზაქრო! –
რა გიხარია, შე შობელძაღლო?”