26 მარტი, 2021

არაჩვეულებრივი წერილი ნოდარ მგალობლიშვილზე

მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი მისი გულშემატკივრებისთვის ქართული თეატრისა და კინოს სინდისი და ნამუსი იყო – ვაჟკაცობის, რაინდობის, პატიოსნების, წესიერების, ერთგულების განსახიერება.

ლელა ანჯაფარიძემ მასზე არაჩვეულებრივი წერილი დაწერა:

“დედაჩკამ კი იწინასწარმეტყველა… სანამ თქვენ ხართ, მეც ვიქნებიო… იმედია, ძალიან მჯერა, მართლა ასეთი ადვილია საყვარელი ადამიანების შეხვედრა იმქვეყნად….

ჩემი ნოდარიკო ბიძია… არ ვიცი , რა ვთქვა… არ ვიცი, როგორ ვთქვა… მამა ადამიანს ჰყავს ერთი, მაგრამ ახლა ასე მგონია, ჯემალიკო მეორედ დავკარგე…

ძალიან გავდნენ ერათმანეთს თვალებით, განცდებით, რაღაცა კდებამოსილებით და უზარმაზარი სითბოთი…
რომ არ დავწერო რამე არ შემიძლია… რომ დავწერო არეულად, მიხვდებით და მაპატიებთ…

იცით, რა იყო ჩემთვის ბატონი ნოდარი? წესიერების, კაცობის, პატიოსნების განსახიერება, სიამაყე და იმედი…
ორი წლის წინ მართლა ძალიან ცუდად ვიყავი და არავის არ ეგონა, რომ გადავრჩებოდი… ვერავის ვეღარ ვცნობდი და უცებ… თვალები გავახილე და ვხედავ ” მამა! ისე გამიხარდა… ვიფიქრე, რა ადვილია მეთქი ამ ქვეყნიდან წასვლა, ასე მალე მამას თუ ხვდები ადამიანი… მერე რაღაცა ძალა ვიგრძენი… დავაკვირდი და უცებ ვხედავ, მამა კი არ არის, ბატონი ნოდარია… იმის მერე ნელ-ნელა კარგად გავხდი… მართლა… გეფიცებით ყველაფერს, გადამარჩინა… მე ვერ გადავარჩინე, იმიტომ რომ ის ნოდარ მგალობლიშვილი იყო და ისეთი რაღაცეები შეეძლო, სხვას რომ არ შეუძლია…

დედიკო რომ დავასაფლავეთ, იმ ღამეს, მამა ისეთი იყო, დაბნეული, ისეთი არანაირი, არ ვიცოდი რა მექნა და მოვიდა ბატონი ნოდარი და დილამდე გვერდით იყო… მაშინ, დარწმუნებული ვარ, რომ მამა გადამირჩინა… მე მარტო ვერაფერს ვერ ვუშველიდი…

ბატონი ნოდარი იყო კაცი, რომელზე უფრო ღირსეული ადამიანი მე გვერდით არასდროს არ მყოლია… მე ცხოვრებაში არ შემხვედრია მასავით სუფთა, კეთილშობილი, უშურველი, თავმდაბალი, შესანიშნავზე შესანიშნავი კაცი… იმისიც კი ერიდებოდა, ლექსებს რომ ვუწერდი…

საავადმყოფოს მერე, სახლში რომ წამიყვანეს, თითქმის ვერ ვინძრეოდი… რა ჩემი ბრალია და სახლი მაღლა ვიქირავე, ძნელი ასასვლელია… მესმის და არავისგან არაფერი არ მწყინს… მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის აღმართი არ იყო აღმართი… ბატონი ნოდარი და ნინოჩკა სულ ამოდიოდნენ და სულ მეხმარებოდნენ… გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთივით არც მანქანა ჰყავდათ და მითუმეტეს არც ემსახურებოდათ… ვისხედით და ისეთი თვალებით მიყურებდა, ვიცოდი, ხვალ უკეთესად გავხდებოდი…

მე კიდევ სულ ვთხოვდი, – თქვენ იყავით მაგრად! სანამ თქვენ ხართ, მეც ვიქნები…

ჩემი ნინკა ხომ შეყვარებული იყო მასში… ანდრიკო სულ პატარა იყო და ვესტუმრეთ და როგორ სათუთად აიყვანა ხელში, ვერ აგიხსნით, განძივით… ბავშვი გაშეშდა… მე კი ვიფიქრე – „ანდრიკო, ჩაეხუტე მაგრად, გადაგედოს რა ცოტა რამე მაინც“…

მამიკოს ძმაკაცი იყო და ოფიციალურად ვეძახდი „ბატონ ნოდარს“, ნინოჩკასთან საუბრისას – ნოდარიკოს… ზოგჯერ მეშლებოდა და მას ბატონ ნოდარიკოს ვეძახდი…

მე არ ვიცი, ხვალ როგორი დღე გათენდება… ან ეს ქვეყანა როგორი იქნება ბატონი ნოდარიკოს გარეშე… მე ვერ წარმომიდგენია… მამას გეფიცებით…”