22 მარტი, 2021

აკა მორჩილაძის უმნიშვნელოვანესი გზავნილი

მწერალი აკა მორჩილაძე თავისი რადიკალურად განსხვავებული წერის მანერით ხიბლავს მკითხველს. მისი რომანები, მოთხრობები თუ სულ მოკლე ჩანაწერებიც კი ერთხელ წაკითხვის შემდეგ, სულ გახსოვს და სულ გაბრუნებს თავისთან.

გამონაკლისი არც “ქართულის რვეულებია”. “არტ ინფო” გთავაზობთ ამონარიდებს შემოქმედის ნაწარმოებიდან, რომელიც მუდმივად აქტუალურია:

“ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანს ძაღლიც კი ჰყავდა გაჩვეული, აბა, როგორ გაიცინებ, როცა რუსები წავლენ აქედანო და ძაღლი წკავწკავს დაიწყებდა. მარიამს, საყვარელ შვილიშვილს, კუდრაჭას ეძახდა. ჰოდა, ნათქვამი ჰქონდა მისთვის: კუდრაჭ, მე ვერ მოვესწრები, მაგრამ იცოდე, რუსები რო წავლენ აქედან, სადაც ვიქნები ჩასვენებული, იქ მოდი და ჩამომძახეო. შეუსრულა კუდრაჭამ, შევიდა სიონში და უთხრა: ბედნიერო, ბედნიერო, წავიდნენო…”

“…ბაბუას ერქვა სწორედ ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანი, ხოლო შვილიშვილს – მარიამ ქობულაშვილი. ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი თავადი. ერთ-ერთი კი არა, შეიძლება ითქვას, ერთადერთი გამორჩეული ქართველი თავადი თავისი სიცოცხლის ბოლოს, იმიტომ, რომ მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ასეთი იერისა და შეხედულებების ქართველები უბრალოდ აღარ არსებობდნენ.”

“…საქართველო კარგა ხანს იყო ძველი, რაინდულ წესებშემორჩენილი თავადების საქართველო და ეს ყველაფერი ქრებოდა, ახალ ცხოვრებას ახალი წესი მოჰქონდა. ხოლო ძველის ყველაზე კარგი და ხილული გამოხატულება იყო თავადი ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი, 1832 წლის შეთქმულების მეთაური. ძალიან თავისებური კაცი იყო ეს ალექსანდრე, ძალიან ლამაზად და ღირსეულად ხედავდა საქართველოს და ამის გამო აქილიკებდნენ კიდეც. მას რომ საქართველო წარმოედგინა, ის საქართველო ძნელი საპოვნელი იყო. სადაც ის იყო გაჩერებული, იქ აღარავინ იყო მის გარდა. ჰოდა, ვთქვათ ძველი თავადისა. ბაბუა და შვილიშვილი გავიხსენოთ, მოხუცი კაცი და პატარა გოგო, რომელიც ოთხი-ხუთი წლის თუ იქნებოდა მაშინ, როცა ბაბუა სამოცდაათს იყო მიტანებული…”