17 თებერვალი, 2021

ვაჟა ფშაველას ოჯახის საოცარი ისტორია

მწერლისა და პოეტის ვაჟა ფშაველას ოჯახის საოცარ ისტორიას მათი შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი გვიზიარებს, რომელიც ვაჟას მამას – პავლეს და მწერლის ერთადერთ დას – მართას შეეხება:

“ჯერ კიდევ ყმაწვილი ქალი იყო მართა, როცა მამამისმა – პავლე რაზიკაშვილმა მისი ფეხმძიმობის ამბავი შეიტყო…

მე-19-ე საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში, მთის მიყრუებულ სოფელში, ჩარგალში მასწავლებლად გამწესებული ახალგაზრდა, მოხდენილი და განათლებული ყმაწვილის კაცის შეყვარება და გრძნობების ვერმორევა სულაც არ იყო გასაკვირი…

ის გარემოება, რომ სოფელში უცხო მხარიდან მოსული ახალგაზრდა მასწავლებელი, პავლე რაზიკაშვილმა საკუთარ სტუმრად ჩათვალა, დაიახლოვა, დაიმეგობრა და უმცროსი ვაჟი, სანდრო რაზიკაშვილი მოანათვლინა, ახალგაზრდების დაახლოვებას ხელს უწყობდა.

…დღეს შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ შიშის, ხათრის, სინდისის ქენჯნის ან სულაც სილაჩრის გამო, სვიმონ ჯაფარიძე, ერთ დღესაც სოფლიდან გადაიკარგა!

დარჩა მართა ფეხმძიმე…
მე-19-ე საუკუნეში…
მთაში…
პატრიარქალურ სოციუმში…

მამების, ბიძების, ძმების, თანასოფლელების და ყველა დროის და ყველა სოფლის აუცილებელი შემადგენელის, ჭორიკანა მეზობლების გარემოცვაში, მარტო, იმედგაცრუებული, მიტოვებული ფეხმძიმე!

…თანადგომაში, ზრუნვაში, და სიყვარულში გააჩინა მართამ თავისი პირველი ვაჟი, მიხა რაზიკაშვილი…

პავლე მღვდელმა ის თავის შვილად დაწერა და თუ რამ შეეძლო, არაფერი დააკლო არც მის აღზრდას, არც განათლებას!

ძმები რაზიკაშვილები განსაკუთრებული სიყვარულით ზრდიდნენ მას და გაზარდეს კიდეც კარგი ქართველი და კარგი რაზიკაშვილი, იმდენად კარგი, რომ 1937-ში ის საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების მოწყობის ბრალდებით დახვრიტეს…

მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით, მიხა რაზიკაშვილმა მამამისი იპოვა და მასთან ურთიერთობა და მიმოწერაც ჰქონდა, თავს ყოველთვის რაზიკაშვილად, იმ ოჯახის წევრად თვლიდა, რომელმაც სიყვარულში და სითბოში გაზარდა!

რაზიკაშვილების ერთად ერთი და, მართა, ძმების საფიცარი იყო ყოველთვის. მოგვიანებით ის გათხოვდა, ოჯახი შექმნა და მისი ახალი კერაც, ძმების მეორე სახლად ითვლებოდა მათი ციცოცხლის ბოლომდე!

რაზიკაშვილების ოჯახის საჯაროდ გამოფენილი ბიოგრაფიის ვერც ერთ მონაკვეთში, ვერც ერთ წერილში, ვერც ერთ მოგონებაში, ვერავინ აღმოაჩენს რაიმე სახის საყვედურსაც კი მართას მიმართ, ან ხსენებას იმ

იმედგაცრუებისას, რაც მას ყმაწვილქალობაში შეემთხვა!

ასეთი კაცი იყო პავლე რაზიკაშვილი, შვილებიც ამ კაცობით დაზარდა…

იმ 14 წლის ბავშვზე ფიქრისას გამახსენდა ეს ისტორია…”