თემურ წიკლაურის უკანასკნელი სიმღერა

მომღერალ თემურ წიკლაურისთვის უკანასკნელი სიმღერა “ჰერიო, ბიჭებო, ჰერიო” აღმოჩნდა, რომელზეც სპეციალური ვიდეორგოლიც გადაიღო.

კლიპის გადაღებები ეთნოგრაფიულ მუზეუმში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა ქვიშით მხატვარმა ნონა გიუნაშვილმაც მიიღო

ნონა გიუნაშვილი:

“იმდენი რამის თქმა უნდოდა ამ ბოლო კლიპით ჩვენთვის… ახლა ძალიან უცნაურია ამაზე რომ ვფიქრობ და ვაანალიზებ.იმხელა ემოციით მიხსნიდა ამ კლიპის არსს და მნიშვნელობას. უნდოდა ყველა ქართველისთვის შემოეძახა – თუ ვინ ვართ და საიდან მოვდივართ. როგორი კარგები ვართ, როგორი დიადები და ძლიერები. უნდოდა შემოელაწუნებინა ყველა ჩვენთაგანისთვის – ჰერიო, ბიჭებო, ჰერიო!

არ ვიცი, მე იმდენი ემოცია დამიტოვა ამ ადამიანის ბუნებამ. დღეს ვერაფერზე ვფიქრობ და სულ მეტირება. ბოლოს დამირეკა და მითხრა – კორონა მაქვს, მაგრამ მე ამან რა უნდა დამაკლოსო. რამოდენიმე დღეში დავურეკე მოსაკითხად და უკვე აღარ იყო კარგად. მისი ტელეფონი გამორთული იყო. სულ მეგონა, რომ გადაიტანდა, მაგრამ ვერ მოერია. არ ვიცი ახლა ამდენს რატომ ვწერ. უბრალოდ, მომინდა მეთქვა, რომ ძალიან მწყდება გული და მიხარია, რომ მე მას ვიცნობდი. დიდი ადამიანი და ქართული სული იყო ჩემთვის!”