10 თებერვალი, 2021

თამაზ გამყრელიძე გარდაიცვალა

ენათმეცნიერი თამაზ გამყრელიძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაავრცელა:

“გარდაიცვალა თამაზ გამყრელიძე, დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.

ბატონი თამაზ გამყრელიძე იყო საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნეობისა და თეორიული ენათმეცნიერების, ძველი აღმოსავლეთის ენების, ინდოევროპული, სემიტური და ქართველური ენების სტრუქტურისა და თეორიის საკითხების თვალსაჩინო მკვლევარი, მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ეროვნული და უცხოური ჯილდოს მფლობელი.

თამაზ გამყრელიძემ ფილოლოგთა მრავალი თაობა აღზარდა და გაუკვალა გზა.

უაღრესად მნიშვნელოვანია მისი წვლილი ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და შემდგომი განვითარების საქმეში. როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრს, ბატონ თამაზს 1991 წლის 9 აპრილს ხელი აქვს მოწერილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.

საამაყოა, რომ მისი სამოცდაათწლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა სწორედ ჩვენს უნივერსიტეტს უკავშირდება.

ალმა-მატერის წინაშე გაწეული თავდაუზოგავი ღვაწლისათვის თამაზ გამყრელიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო და ივანე ჯავახიშვილის მედლებით დაჯილდოვდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თამაზ გამყრელიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, სტუდენტებს, მთელ საქართველოს.”