21 თებერვალი, 2021

სამაგალითო ხელოვანი გოგი თოდაძე

რეჟისორ გოგი თოდაძეს მისი უმცროსი კოლეგა დიმიტრი ხვთისიაშვილი მოკრძალებულ ხელოვანს უწოდებს:

“დღეს რეჟისორ გოგი თოდაძის დაბადების დღეა. 76 წელი შეუსრულდებოდა. სამწუხაროდ, მეორე წელია მის გარეშე ვხვდებით მისსავე დაბადების დღეს.

გოგი თოდაძე იყო მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი პროფესია, როგორი თავდავიწყებით შეიძლება იცხოვრო თეატრით. სადაც არ უნდა ყოფილიყო – ეს იქნებოდა მარჯანიშვილის თეატრი, სასოფლოს თეატრი, პიონერთა სასახლე, ბერიკები თუ მიწვევები ცალკეულ დადგმებზე სხვადასხვა თეატრებში – ის ყოველთვის ასხივებდა ამ სიყვარულს პროფესიისადმი და გამორჩეულ და განსაკუთრებულ სიყვარულს მსახიობის პროფესიისადმი.

მე ვერ ვიხსენებ ვერცერთ მის სპექტაკლს, სადაც ერთი-ორი, თუ მეტი არა, გამორჩეული სამსახიობო ნამუშევარი არ შემდგარიყო, თანაც ისეთი, რომელზეც მაყურებელი სპეციალურად იმ მსახიობის სანახავად მიდიოდა.

მოდით და ჩამოვთვალოთ ასეთი სახეები, მსახიობთა მიხედვით: 1. მედეა ჯაფარიძე – ვარვარა კარპოვნა 2. ელენე ყიფშიძე – ფოფია, ჩიტოლია, კარაპეტა დაბაღოვი, იბრუხტი 3. სოფიკო ჭიაურელი – სარე, ამალია, იადონა, 4. ქეთევან კიკნაძე – ადელაიდა, კოკონა 5. ვახტანგ ნინუა – მინდელოვი, გობრონ ლეშკაშელი 6. გივი ბერიკაშვილი – ალექსანდრე, ბულიკა, ფილიპე, ჯენარო, ბიძია, ფოლსტაფი, ვანიჩკა 7. მარინა ჯანაშია – ევრიდიკე, კნეინა 8. კოტე მახარაძე – დონ სეზარი, ბაჩანა 9. ნინო კობერიძე – დარეჯანი 10. რეზო ჩხიკვიშვილი – კნიაზი, კალიგულა 11. ნინო ჩხეიძე – ცაცანა, 12. ნინო კასრაძე – ცეზონია 13. ზურა სტურუა – ვახუშტი 14. დათო დვალიშვილი – ნაცარქექია 15. თენგიზ მაისურაძე – ვანო, ყაფლანი 16. გურანდა გაბუნია – მუნჯი ცოლი 17. ზურა ბერიკაშვილი – სკვინჩა გოგია…

რომელი ერთი ჩამოვთვალო… იაკობ ტრიპოლსკის, დოდო ჭიჭინაძის, ჯემალ მონიავას, საშკა იოსელიანის, ნანი ჩიქვინიძის, გია ბურჯანაძის, მარლენ ეგუტიას, მედეა ბიბილეიშვილის, ალეკო გეწაძის, ნინო დუმბაძის, გიზო სიხარულიძის, მერაბ თაბუკაშვილის, ლეო ანთაძის, ასმათ ტყაბლაძის, მალხაზ გორგილაძის, ლიკა ქობულაძის, ვაჟა გელაშვილის, მამუკა ლორიას და მრავალ სხვათა შესრულებული როლები მის სპექტაკლებში. (მაპატიეთ, არტისტებო, ყველას ჩამოთვლა ფიზიკურად ვერ დაიტევდა ამ წერილის ფორმატს).

როგორ ხარობდა თითოეული წარმატებული როლით. თავად ყოფილ მსახიობს, ყოველთვის ესმოდა არტისტის და ხშირად საკუთარი სარეჟისორო ჩანაფიქრის „საზიანოდ“ მას ბოლომდე „გაფრენის“ საშუალებასაც აძლევდა.

მის მრავალ წარმატებულ სპექტაკლს შორის უეცრად მომაგონდა „ჩემი ეიფელის კოშკი“… სოფლის ორი ბერიკაცის ამბავი, რომლებიც ქარის წისქვილს აგებენ, სიმბოლოდ მოძრაობისა… სოფლის უკანასკნელი „დონ კიხოტები“, რომლებმაც ქარის წისქვილებთან ბრძოლის ნაცვლად მისი აგება გადაწყვიტეს… შესანიშნავად თამაშობდნენ ვახტანგ ნინუა და გივი ბერიკაშვილი. ეს როლი ბატონი ვახტანგისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა, უმძიმესი სენით შეპყრობილი ვახტანგ ნინუა პრაქტიკულად ლოგინიდან წამოაყენა გოგი თოდაძემ და ამ როლით სიცოცხლე გაუხანგძლივა მას. ბატონი ვახტანგის შემდეგ ბატონი იაშა ტრიპოლსკი შევიდა ამ სპექტაკლში. სამ წუთიან ეპიზოდს თამაშობდა ლენა ყიფშიძე ამ წარმოდგენაში. ამ სამ წუთში 5-ჯერ უკრავდა მაყურებელი ტაშს.

გოგი თოდაძეს შეეძლო დღესასწაულები მოეწყო სწორედ რომ თეატრალური დღესასწაულის მომწყობი ქართული სცენის ჯადოქრებისთვის.

ასეთივე შემართებით მუშაობდა ის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის თეატრში. ეს თეატრი კუკური მჟავანაძის პერიოდიდან მოყოლებული ბრწყინავდა, გოგი თოდაძემ კი საერთაშორისო აღიარება მოუტანა ამ არაჩვეულებრივ თვითმოქმედ დასს. ჩვენი უსაყვარლესი გოგიჩაც ხომ სწორედ ამ დასში დაფრთიანდა.

მისი ცხოვრების მთავარი გამოწვევა კი ალბათ სკოლა სტუდია „ბერიკების“ დაარსება და პიონერთა სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობის წლები გახლდათ. რამდენ თაობას შეაყვარა თეატრი, რამდენ თაობას გაულამაზა ბავშვობა, როგორც კეთილმა მეზღაპრემ და დააყენა ცხოვრების გზაზე.

ბოლო წლებში პედაგოგიურ სარბიელზე უმნიშვნელოვანეს წარმატებებს მიაღწია. მისი აღზრდილები დღეს საქართველოს სხვადასხვა თეატრის წამყვანი არტისტები არიან… თუნდაც ჩვენი, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ნიკა ფაიქრიძე, ანდა მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი და სხვა თუ სხვა. მისმა სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტმა გეგა გაგნიძემ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში დადგმული „ბალიშის კაცუნათი“ სასიამოვნოდ გაოცებული დატოვა მთელი თეატრალური სამყარო და დიდ იმედის მომცემ ახალგაზრდა რეჟისორად იქცა…

სადღაც ყური მოვკარი გოგი თოდაძეს მარტო „ეზოში ავი ძაღლიას“ დადგმა ეყოფოდაო ბიოგრაფიისთვისო. არა, ბატონებო, ის მხოლოდ დასაწყისი იყო… შემდეგ 90-მდე სპექტაკლი, უამრავი წარმატება და სიხარული მოუტანია ქართველი მაყურებლისთვისაც და ქართული თეატრისთვისაც, თუმცა ამით არასოდეს უამაყია. მუდამ გაწონასწორებული, მუდამ თავმდაბალი და მორცხვიც კი, სიცოცხლის ბოლო წუთამდე აგრძელებდა შრომას თავდავიწყებამდე ქართული თეატრისა და მომავალი თაობის სიყვარულით.”