რა უნდა ვიცოდეთ 1921 წლის 25 თებერვალზე?

რა უნდა ვიცოდეთ 1921 წლის 25 თებერვალზე?ფილოლოგი გია მურღულია 1921 წლის 25 თებერვლისა და თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს:

“თავისუფლებას თავისი შინაარსი უნდა ჰქონდეს – ეს არის გონიერება და ღირსება. უგონო თავისუფლება სიშლეგეა, უღირსებო კი – სირცხვილი.

ომი პრაქტიკულად დაიწყო 1921 წლის 11 თებერვალს (ისე – გაცილებით ადრე). 16 თებერვალს წითელმა არმიამ, ქართველ ბოლშევიკებთან ერთად, დაიკავა სოფელი შულავერი, რომელშიც შეიქმნა რევოლუციური კომიტეტი ფილიპე მახარაძის ხელმძღვანელობით. ამ კომიტეტმა 18 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა და დახმარებისთვის მიმართა წითელ რუსეთს – აქედან დაიწყო ჩვენს ქვეყანაში უმცირესობის სისხლიანი ბატონობა უმრავლესობის ნებაზე.

სამმა მომენტმა განაპირობა ჩვენი დამარცხება:
1. მსოფლიო პოლიტიკის კონიუნქტურამ – არავინ ისურვა საქართველოს დახმარება;
2. ბოლშევიკური იმპერიის აგრესიამ;
3. ტრადიციულმა ქართულმა შიდადაპირისპირებამ, არაორგანიზებულობამ და უპასუხისმგებლობამ.

ეს მესამე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – მთელი ერის ერთიან ნებას ვერავინ დააჩოქებს. წარსულის გაკვეთილებმა მაშინდელ ქართველებს ვერ ასწავლა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჯერ საკუთარ თავთან მარცხდები და მხოლოდ შემდეგ – სხვასთან (დასაფიქრებელი გვაქვს – ახლა თუ ვიცით იმ გაკვეთილთა მნიშვნელობა).
თავდაპირველ სამხედრო მარცხს იმდროინდელი მთავარსარდალი, გენერალი ილია ოდიშელიძე ასე უხსნიდა ნოე ჟორდანიას:

“ჯარი დამარცხდა იმიტომ, რომ იყო დანაწილებული, შეერთება ვერ მოასწრეს. დანაწილება კი მოახდინა დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიის თავმჯდომარემ აკაკი ჩხენკელმა დეკემბერში“.
რატომ იყო „დანაწილებული“?
რატომ „ვერ მოასწრეს“?
რატომ მიიჩნევა, რომ სხვაზე პასუხისმგებლობის გადაბარება ადამიანს საკუთარისგან ათავისუფლებს?
ბოლოს და ბოლოს, სად არის უფროსი ოფიცრის ღირსება?

24 თებერვალს თბილისს 22 ათასი წითელარმიელი უტევდა, დამცველთა რაოდენობა კი 10-12 ათასი იყო. სამობილიზაციო გეგმით საქართველოს შეეძლო 60 ათასამდე მებრძოლის გამოყვანა, მაგრამ ეს ვერ ან არ შეძლო – შედეგს არც ერთი ცვლის და არც მეორე. გვყავდა 10 თვითმფრინავი, რომლებსაც სათანადოდ ვერ ვიყენებდით უხარისხო საწვავის გამო.

25 თებერვლისთვის ქართული ჯარის ზურგში მტრის 4500-მდე კავალერისტი შემოვიდა. ქართული კავალერია, ოფიციალური ცნობებით, 8-9-ჯერ ჩამოუვარდებოდა მათ რიცხოვნობით, რაც აბსურდულად გაუგონარი არაორგანიზებულობა და უპასუხისმგებლობაა – როდესაც ქვეყნის ბედი წყდება და შენ 350 ცხენოსანზე მეტის მობილიზებას ვერ ახერხებ, მართვისა და სიცოცხლისუნარიანობის სრული დეგრადაციაა. სწორედ ამ შემოჭრამ გადააწყვეტინა გენერალ გიორგი კვინიტაძეს თბილისის დატოვება და სასწრაფო უკან დახევა.

ამას ყველაფერს ისიც ემატება (თუ განსაზღვრავს), რომ პარტიული ელიტა არ ენდობოდა ქართულ ჯარს და უფრო საკუთარ შეიარაღებულ ფორმირებებს – გვარდიას ანიჭებდა უპირატესობას, რამაც არა ერთი პრობლემა შეგვიქმნა.

ყველაზე მეტად გასაკვირი შეიძლება ის არის, რომ, ყველაფერ ამის მიუხედავად, საქართველოს ეს ომი, როგორც ირკვევა, შეიძლება არც წაუგია!

თბილისის დამცველებმა მტრის ორი სასტიკი იერიში მოიგერიეს და 23 თებერვალს ისინი დედაქალაქის მისადგომებიდან გააძევეს. სოღანლუღთან ბრძოლაში გაანადგურეს 530 წითელარმიელი და ტყვედ აიყვანეს 1600 ჯარისკაცი.

25 თებერვლის დილის გაზეთებს რომ გადახედოთ, სავსეა ოპტიმისტური განცხადებებით (რა საშინელი დაცინვაა, ამ განცხადებებს რომ კითხულობ და ამ დროს ხედავ, როგორ შემოდიან შენს მშობლიურ ქალაქში მტრის ჯარისკაცები!)

დედაქალაქის დატოვების შესახებ გენერალ კვინიტაძის გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ქართველი ოფიცრებისთვის, განსაკუთრებით კი სახელოვანი და დაუმარცხებელი გენერლის, გიორგი მაზნიაშვილისთვის. აი, რას წერს ის თავის მოგონებებში:

„ტფილისის დაცვა ისეთი დიდი საკითხია, რომ მისი გადაწყვეტა ასე მოჩქარებით, ასე დაუფიქრებლად ვერაფრით ამეხსნა. იმ კრებაზე, რომელზეც ეს გადამწყვეტი დადგენილება მიიღეს, არამც თუ არ მიგვიწვიეს ჩვენ, ფრონტის უფროსები, რომლებიც ფრონტს თვალით დავყურებდით, რომლებმაც კარგად ვიცოდით მოწინააღმდეგისა და ჩვენი ძალები, მათი და ჩვენი სულიერი განწყობა, არამედ არც კი შეგვეკითხნენ, ჩვენი აზრის მოსმენა არც კი ინებეს“.

კიდევ ბევრია სათქმელი, მაგრამ ამჯერად ესეც საკმარისია.
ეს ამბავი 100 წლის წინ მოხდა.
მაშინ ჩვენ სამი წლის თავისუფალი ქვეყანა გვქონდა, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კონსტიტუცია შევქმენით და იმედებით ვიყავით სავსე.
ეს იმედები და ჩვენი თავისუფლებაც სულ რამდენიმე დღეში დაემხო და დასრულდა.

25 თებერვლის გაკვეთილები არ უნდა დავივიწყოთ.
თავისუფლების მოპოვებაზე გაცილებით რთული მისი შენარჩუნება და გონივრულად გამოყენებაა.
თავისუფლება ფიქრია, შრომაა, ნებისყოფაა, მოთმენაა, მოყვასის გვერდით დგომის სურვილი და შეგრძნებაა.
გვახსოვდეს ტკივილი, მაგრამ ვესწრაფვოდეთ ღირსებას.
მოძალადეებს მეორე შანსს მხოლოდ ბრიყვები აძლევენ.”