ფიოდორ დოსტოევსკის დაუჯერებელი წინასწარმეტყველება

ფიოდორ დოსტოევსკის დაუჯერებელი წინასწარმეტყველებამწერალმა ფოიდორ დოსტოევსკიმ ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ იწინასწარმეტყველა თავის გენიალურ რომანში “დანაშაული და სასჯელი” თვალით უხილავი მიკროსკოპული დაავადების გაჩენა:

“იგონებდა მერე, რა სიზმრებს ხედავდა სიცხიანი, ბოდვის დროს. ეზმანებოდა ავადმყოფს, ვითომ მთელი ქვეყანა აზიიდან ევროპაში გადმოსულ რაღაც საშინელსა და უმაგალითო ჭირს უნდა გაეჟლიტა. ვითომ ყველანი გაწყდებოდნენ, გარდა ზოგიერთი რჩეულისა. გაჩნდნენ რაღაც ახალი, მიკროსკოპული, თვალით უხილავი ტრიხინები, რომლებიც ადამიანის სხეულს ესეოდნენ. მაგრამ ეს უჩინარი არსებანი სულიერები იყვნენ ვითომ: გონებაც ჰქონდათ, ნებაც. ვისაც კი შეესეოდნენ ტანში, მაშინვე ჭკუიდან შლიდნენ. მაგრამ არასოდეს ხალხს ისეთი გონიერი და შეუცდომელი არ ეგონა თავი, როგორც ამ ჭირიანებს. არასოდეს თავისი განაჩენის, სამეცნიერო დასკვნებისა და ზნეობრივი რწმენის ასე მტკიცედ შემგნები არ ყოფილა კაცობრიობა.

ჭირი ედებოდა მთელ სოფლებს, ქალაქებს, ხალხს და ჭკუიდან შლიდა ყველას. ყველანი შეშფოთებულები იყვნენ, ერთიმეორისა აღარავის ესმოდა რა. ყველას ეგონა, ვითომ ის იყო ჭეშმარიტების ერთადერთი წყარო და დასაბამი და დანარჩენთა შემყურე საშინლად იტანჯებოდა, გულში მუშტს იცემდა, ტიროდა, ხელებს იმტვრევდა. აღარ იცოდნენ, ვინ როგორ გაესამართლებინათ; ვერ შეთანხმებულიყვნენ, რა იყო კეთილი, რა იყო ბოროტი. არ იცოდნენ, ვინ გაემტყუნებინათ, ვინ გაემართლებინათ. გაბოროტებულები ერთმანეთს ხოცავდნენ. ერთიმეორის წინააღმდეგ მხედრდებოდნენ, მაგრამ მოწინააღმდეგეზე ლაშქრობის დროს უცებ ერთმანეთსვე დაერეოდნენ, სჩეხდნენ, ჰხოცავდნენ, ჰკბენდნენ და სჭამდნენ.

ქალაქებში მთელი დღე ბუკსა და ნაღარას უკრავდნენ: იწვევდნენ ყველას, მაგრამ რისთვის და ვინ იწვევდა, არავინ იცოდა. ყველა საშინლად აღელვებული და შეშფოთებული იყო, ჩვეულებრივი ხელობა ყველამ მიატოვა, ყველა თავის აზრსა და წინადადებას ურჩევდა, მაგრამ ვეღარ შეთანხმებულიყვნენ. მიწათმოქმედება შეწყდა. აქა-იქ ხალხი ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებოდა, თითქოს თანახმა იყო, ერთად რამე დაეწყოთ, ფიცს სდებდნენ, რომ არ დაშორდებოდნენ, მაგრამ მაშინვე ისევ სხვა რასმე იწყებდნენ, ამტყუნებდნენ ერთმანეთს, ჩხუბს უტეხდნენ და სჩეხდნენ.

გაჩნდა ცეცხლი, იწვოდა ყველაფერი, შიმშილი ჩამოვარდა. ყველაფერი იღუპებოდა. ჭირი თანდათან ვრცელდებოდა, მთელ ქვეყანას ედებოდა. დარჩა მხოლოდ რამდენიმე რჩეული, წმინდა ადამიანი, რომელთაც ქვეყანა უნდა განეახლებინათ ხალხის ახალი შთამომავლობით, დედამიწა განეწმინდათ, ცხოვრება კვლავ აღედგინათ, მაგრამ არსად რა ისმოდა ამათი, თვალით არავის ენახა, ვინ უნდა ყოფილიყვნენ ეს რჩეულები.

რასკოლნიკოვს ტანჯავდა ის, რომ ამ უაზრო ბოდვამ ასე ძლიერ იმოქმედა მის მეხსიერებაზე…”