26 თებერვალი, 2021

ნათია გოგოჭურის საყურადღებო ჩანაწერი

მსახიობი ნათია გოგოჭური საყურადღებო წერილს აქვეყნებს, რომელიც ჩვენს სამშობლოს – საქართველოს ეძღვნება:

“წუხელის სიზმარი ვნახე: დედა ვიყავი და კალთაზე მიცვალებული საქართველო მეწვინა თითქოს! მიცვალებული, კიდურების ამპუტაციით!.. მერე მოვიდნენ, წაყვანა სურდათ, მე არ ვატანდი… ხელი მოვხვიე, გულს მივიკარი… უცბად ვიგრძენი ჩემი გული მის მკერდში ძგერდა… ძალით წამართვეს, ამაგლიჯეს!.. გულიც წაიღო!…

გარს ეხვეოდნენ უსახური ჭირისუფალნი, უფრო ჭინკები! მორთეს, მოკაზმეს, ფერუმარილიც ბლომად მოსცხეს, არ დაივიწყეს!… უხმოდ ვყვიროდი, არა, ვბღაოდი! მაგრამ უხმოდ!.. უსახურნი და უგვანონი, არც მისმენდნენ და ვერცა მხედავდნენ! ვიღაც დაობდა სამემკვიდროზე, ვიღაც ითვლიდა შემოსავალს ქელეხისათვის! გული კი ძგერდა სუსტად, მაგრამ მის მკერდში ძგერდა! ჭინკებს შეეხსნათ ღვინის მარანი, ქვევრიც მოეხსნათ და უსახურნი შემოსხდომოდნენ მას წასაბილწად!

უფალს შევთხოვდი: – გული თუ ძგერს, სულიც შთაბერე! შთაბერე სული, მიეცი ძალა! შთაბერე სული! მიეცი ძალა!… ოო, არა! უკვე მხარზეც გაიდეს და უფსკრულისკენ მიაქანებენ!… ჰქმენ სასწაული, შთაბერე სული!… მიაქანებენ და მეც მივყვები! მიაქვთ და მივდევ! ჩამოგლეჯილი გულის კარით! გულდაკარგულმა ერთიც შევბღავლე: – დამიბრუნეთ, ის ცოცხალია! და მერე სადღაც ექოსავით წამომეწია ერთი კი არა, ათასობით, მილიონი ხმა! – დამიბრუნე, ის ხომ ჩემია! – შთაბერე სული! – მიეცი ძალა!

…და მივხვდი, მარტო არ ვიყავი, ბევრნი ვიყავით! ჩამოგლეჯილი გულის კარით, გულდაკარგულნი! და მერე სადღაც შორს გავიგე მშვიდი ჩურჩული! – გზა გააგრძელე! სული თქვენშია! ნუ შეშინდებით! გზა გააგრძელე! ნუ შედრკები! ნუ შეჩერდები!… სული თქვენშია! დაიბრუნეთ მისი სხეული! დაიბრუნეთ მისი სხეული და თქვენი გული…

და გამეღვიძა! გამეღვიძა ჩამოგლეჯილი გულის კარით… წუხელის სიზმარი ვნახე! ნეტავ დედავ რაოო!”