ივანე ჯავახიშვილის წარმოუდგენელი გმირობა

ისტორიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა წარმოუდგენელი გმირობა ჩაიდინა, როდესაც ქართული უნივერსიტეტის რექტორობაზე კატეგორიული უარი განაცხადა და ამ თანამდებობაზე პეტრე მელიქიშვილის დანიშვნას დაუჭირა მხარი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინტერესო ამბავს ზურა სტეფანია გვიზიარებს:

“კავკასიაში უნივერსიტეტის და მითუმეტეს არარუსული უნივერსიტეტის გახსნას წინააღმდეგობა როგორც იმპერიაში, ისე საქართველოშიც ჰქონდა:

ექვთიმე თაყაიშვილი:

,,ქართული უნივერსიტეტის დაარსებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ჯერ ერთი, რომ ახალი რევოლუციის მიერ წარმოშობილმა დროებითმა მთავრობამაც ალმაცერად შეხედა ამ საქმეს (ის ვერც ავტოკეფალიის აღდგენას შეურიგდა). ადგილობრივი რუსული საზოგადოება და ყოფილი ჩინოვნიკობა მტრულად იყო განწყობილი.

რატომ ქართული უნივერსიტეტი და არა საერთო ამიერკავკასიის უნივერსიტეტი, რომელშიაც ყველა ერის ახალგაზრდობას შეუძლია მიიღოს უმაღლესი განათლება რუსულ ენაზე, – ამბობდნენ ისინი, – ქართველებს ხომ არც პროფესორები ჰყავთ, არც მეცნიერული ტერმინოლოგია აქვთ, არც სამეცნიერო წიგნები მოეპოვებათ და სხვა ამგვარი არგუმენტებით ცდილობდნენ ხელის შეშლას.

პეტერბურგის მთავრობამ კიდეც მიიღო პრინციპიალური გადაწყვეტილება ამიერკავკასიის უნივერსიტეტის დაარსებისა, რომ ამით ხელი შეეშალა ქართული უნივერსიტეტის გახსნისთვის. ბოლოს რუსულმა საზოგადოებამ და ყოფილმა ჩინოვნიკობამ უცხოელებზედაც იქონია გავლენა, როდესაც მათი ჯარი შემოვიდა ამიერკავკასიაში და ისინიც უფრო მომხრე იყვნენ რუსული უნივერსიტეტისა, ვიდრე ქართულის.

ამიტომ ჩვენთვის საჭირო იყო უნივერსიტეტის სათავეში მოგვექცია ისეთი კაცი, რომელსაც მტრის თვალშიაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და რომლის წინააღმდეგ აღარაფერის თქმა არ შეეძლო. ასეთი კაცი იყო ერთადერთი პეტრე მელიქიშვილი, დამსახურებული პროფესორი უმნიშვნელოვანესი საბუნებისმეტყველო დარგისა, ქიმიისა, კარგად ცნობილი მთელ რუსეთში, რომელსაც გავლილი ჰქონდა 45 წლის სტაჟი პროფესორობისა, აგრეთვე გამოცდილება დეკანობისა და რექტორის თანამდებობის აღმსრულებელიც იყო ერთხანად ოდესის უნივერსიტეტში.

თვით ივანე ჯავახიშვილმა გადაჭრით უარი თქვა რექტორობაზე და აუცილებლათ მიიჩნია პეტრე მელიქიშვილის არჩევა.

მაგრამ უნდა ვთქვა: ფაქტიური რექტორი ივანე ჯავახიშვილი იყო. ის იღებდა სტუდენტობას, მსმენელებს, საზოგადოების წევრებს, მოსამსახურეთ, მასწავლებელთა და პროფესორთა პერსონალს..

მხცოვანი პეტრე მელიქიშვილი სამშობლოს განთავისუფლებამ და უნივერსიტეტის დაარსებამ თითქოს გაახალგაზრდავა. ჩვენთვის საოცარი იყო, როგორ შერჩა მას, უკვე მოხუცებულს ასეთი ენერგია ფიზიკური და ფსიქიკური, საქმიანობა და დაუღალაობა. სოლოლაკის ქუჩიდან ფეხით მოდიოდა უნივერსიტეტში, საქმეები აუარებელი იყო, საბჭოს სხდომები ზოგჯერ ღამის ორ საათამდის გრძელდებოდა, ამის შემდეგ ის ფეხითვე მიდიოდა სახლში, დილას თავის დროზე უნივერსიტეტში იყო.

კაცი, რომელიც თავისუფლად საუბრობას ძლივს ახერხებდა ქართულს ენაზედ, იმდენად დახელოვნდა ამ ენაში, რომ რამოდენიმე თვის შემდეგ ქართულად კითხულობდა ლექციებს.

მელიქიშვილი იყო მედგარი დამცველი უნივერსიტეტის ინტერესებისა და სახელისა, მას ღირსეულად ეჭირა თავი როგორც შინაურების ისე უცხოელების წინაშე.

როდესაც ამერიკის წარმომადგენელმა მიიწვია პეტრე უნივერსიტეტის საქმეების საინფორმაციოთ და მოისმინა მდგომარეობა უნივერსიტეტისა, თურმე შენიშნა:

“არ ემჯობინებოდა რუსული უნივერსიტეტი გაგეხსნათ ქართულის მაგიერ, თქვენ ალბათ ქართული ძალების ნაკლებობას განიცდით, მეცნიერება ხომ ინტერნაციონალურია, სულ ერთია რომელ ენაზედაც შეითვისებთ მეცნიერებასო.”

პეტრემ უპასუხა: “დიახ, მეცნიერება ინტერნაციონალურია და ამიტომაც ყველა ხალხს თავის ენაზე უნდა ჰქონდეს შეთვისებულიო.”