23 თებერვალი, 2021

გოგი გეგეჭკორის ორიგინალური გამოთხოვება საკუთარ თავთან

თეატრის და კინოს მსახიობმა გოგი გეგეჭკორმა ყველაზე ორიგინალური გამოთხოვება მოუწყო საკუთარ თავს.

დიმიტრი ხვთისიაშვილი, რეჟისორი:

“2003 წლის 23 თებერვალს მსახიობ გიორგი გეგეჭკორის საიუბილეო საღამო რუსთაველის თეატრის ნაცვლად (რადგან იქ ამ დროს რემონტი მიმდინარეობდა) კინოთეატრ „რუსთაველში“ გაიმართა. საღამოს ძირითადი და მე ვიტყოდი უმთავრესი ნაწილი დაეთმო ია შერაზადიშვილის ფილმის „ხელოვნების ქურუმი“ პრემიერას. (სცენარის ავტორი იასთან ერთად ბატონი კოტე მირიანაშვილი გახლდათ). ფილმში მთავარ როლს ბატონი გოგი „თამაშობდა“… ხუმრობდა კიდეც ყველაზე რთული გოგი გეგეჭკორის როლის შესრულება იყოო. ზემოთხსენებული ფილმი ხომ მის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეხებოდა.

საღამოს შემდეგ, რესტორანში გაგრძელდა საიუბილეო ვახშამი, რომელიც ძალიან ჰგავდა კინოფილმ „არ დაიდარდოს“ ერთ-ერთ ცენტრალურ ეპიზოდს, თავად იუბილარი კი – სერგო ზაქარიაძის მიერ შესრულებულ პერსონაჟს. ბატონმა გოგიმ ზუსტად იცოდა, რომ უკურნებელი სენით იყო დაავადებული და ეს ფილმიც, იუბილეც და ის სუფრაც გამოთხოვება იყო შემოქმედებასთან, ოჯახთან, მეგობრებთან, სიცოცხლესთან.

ქართული თეატრის ისტორიაში იშვიათი იყო მსგავსი შემთხვევა… შემთხვევა, რომელმაც დაამარცხა სიკვდილი და იგი ორგანულად მარადისობაში გადაიყვანა. მისი შესანიშნავი მეუღლე, ქალბატონი ნათელა ურუშაძე ხუმრობით იტყოდა ხოლმე – გოგი ისეთი მოწესრიგებული კაცია, ჩემი ორმოციც გადახდილი რომ ჰქონდეს უბედნიერესი იქნებოდაო. ჰოდა, სწორედ ამ მოწესრიგებულობით თავად გამართა საკუთარი გამოთხოვება, ოღონდ ხელოვნების რანგში აყვანილი და მაქსიმალურად არა პესიმისტური.

ქართული თეატრის ისტორიას უამრავი ნიჭიერი ადამიანის გვარი ამშვენებს. მათ ეს ისტორია გაალამაზეს, დაამშვენეს საკუთარი ნიჭიერებით, თუმცა უკიდურესად მოწესრიგებული, მაღალი რანგის პროფესიონალ არტისტთა ჩამონათვალში გიორგი გეგეჭკორი ყოველთვის ერთ-ერთი პირველი დასახელდება… ნამდვილად ასეთი იყო და იმიტომ…

ნიკოლოზ ბარათაშვილი, და მგელი – ეს ის ორი როლია, რომელსაც გიორგი გეგეჭკორი ათწლეულის განმავლობაში თამაშობდა, ტიგრანას კი – ზუსტად 32 სეზონი უცვლელად. თითოეული 500-ჯერ და მეტჯერ ითამაშა და ყოველთვის ისე, როგორც საპრემიერო წარმოდგენა.

„საბრალდებო დასკვნა“ არა ერთხელ მინახავს რუსთაველის თეატრის სცენაზე, მრავალ შეცვლასა და ახალი მსახიობის „შეგდებას“ მოვსწრებივარ, მინახავს უკვე „დაბერებული“ და „დაშლილიც“ ეს სპექტაკლი, თუმცა არ მახსენდება „დაბერებულ-მობეზრებული“ გოგი გეგეჭკორი – ტიგრანა. ის ყოველთვის თამაშობდა ისეთი შემართებითა და გატაცებით, რომ სპექტაკლსაც გაყურებინებდა და აღგაფრთოვანებდა კიდეც.

ერთი სპექტაკლის აფიშაზე – „ძველი სამრეკლო“ – მისი გვარი სამჯერ ეწერა – როგორც პიესის თანაავტორი, როგორც მთავარი როლის პანტე ჯაავას შემსრულებელი და როგორც დამდგმელი რეჟისორი. არც მანამდე და არც მას შემდეგ ბატონ გოგის თავი რეჟისურაში არ მოუსინჯავს. სხვა მსახიობთა ბიოგრაფიაშიც ყოფილა მსგავსი შემთხვევები, როცა ისინი სპექტაკლს დადგამდნენ ხოლმე, თუმცა გამონაკლის შემთხვევათა გარდა, ეს გამოწვეული იყო ხოლმე ამა თუ იმ გარეჟისორებული არტისტის დაუსაქმებლობით და შემოქმედებითი პაუზის რეალიზების სურვილით, რადგან როგორც წესი ასეთ დადგმებში რეჟისორი თავად ასრულებდა ხოლმე ერთ-ერთ მთავარ როლს.

გოგი გეგეჭკორმა ისე გაიარა შემოქმედებითი ცხოვრება, რომ არათუ დაუკავებლობის პრობლემა არ ჰქონია, არამედ რეჟისორები ერთმანეთს ელოდებოდნენ, რათა მასთან მუშაობის შესაძლებლობა ჰქონოდათ. ვინაიდან ეს ისტორია ნაკლებად ცნობილია, თუ როგორ აღმოჩნდა ბატონი გოგი რეჟისორის ამპლუაში, შევეცდები გიამბოთ. ამბის დეტალების სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ, თუმცა პირველწყაროს მონათხრობს ვენდობი. პირველწყარო კი, ქალბატონი ლილი იოსელიანი გახლავთ.

ქალბატონმა ლილიმ რუსთაველის თეატრში დაიწყო მუშაობა ნოდარ წულეისკირის მოთხრობაზე „დავით აღმაშენებლის ქვა“. ბატონი გოგი პანტეს თამაშობდა, ხოლო ავთო მახარაძე სამუზეუმო გაერთიანების უფროსს. სპექტაკლი საკმაოდ სკანდალური გამოვიდა, გარდა იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სამოქალაქო სათქმელით. თუმცა, მოხდა ისე, რომ არც ნოდარ წულეისკირს წყალობდნენ კომუნისტები, არც ჩემი პედაგოგი ეპიტნავებოდათ დიდად, ხოლო ავთო მახარაძის პერსონაჟის გადაწყვეტა საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა პარტიულთათვის.

მოითხოვეს სპექტაკლის გადაკეთება, განსაკუთრებით ავთო მახარაძის პერსონაჟის. ქალბატონმა ლილიმ უარი თქვა ცვლილებებზე. არადა უმნიშვნელოვანესი იყო წულეისკირის ნააზრევი მაყურებლამდე მისულიყო. ბატონი გოგისთვისაც პანტე ბოლო პერიოდის როლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო.

ლილის უარის შემდეგ, წავიდნენ დათმობაზე, რომ ნაწარმოებიც გადაერჩინათ და ბატონი გოგის ნამუშევარიც. ახლა უკვე ბატონი გოგის დათანხმება გართულდა, თუმცა ბოლოს დაარწმუნეს რომ თუ ცვლილებებს განახორციელებდნენ, გადარჩებოდა ერთ-ერთი უმთავრესი – ეს ნაწარმოები მივიდოდა მაყურებლამდე.

ყოველგვარი ურა-პატრიოტულობის გარეშე ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელის მქონე სპექტაკლი გამოვიდა. ბატონ გოგისთან ერთად სცენაზე დასამახსოვრებელი სახეები შექმნეს ზეინაბ ბოცვაძემ, დათო კვირცხალიამ, ლია გუდაძემ, გიგოლა თალაკვაძემ… ავთო მახარაძის ნაცვლად სპექტაკლში ბადრი კობახიძე თამაშობდა.

პრემიერამდე რამოდენიმე დღით ადრე ნოდარ წულეისკირმა ასეთი „მეგრული“ ნომერი მოუფიქრა პარტიას. სპექტაკლს „დავით აღმაშენებლის ქვა“ კი არა, „ძველი სამრეკლო“ დაარქვა, ხოლო ბატონ გოგის შესთავაზა თანაავტორად დაწერილიყო და ამით პარტმუშაკებს გააცურებდნენ, თითქოს სხვა ნაწარმოებზე იყო საუბარი. ასე იყო თუ ისე, მაყურებლამდე ამ სპექტაკლმა მიატანა და საკმაოდ დიდხანს, მრავალი სეზონის განმავლობაში არ ჩამოსულა სცენიდან.

მე, როგორც ბატონი გოგის ძმის მერაბ გეგეჭკორის ოჯახის ახლობელს და ნათელ-მირონს ბუნებრივია ბატონ გოგისთანაც მქონდა ძალიან ახლო ურთიერთობა და ერთხელაც შევბედე ამ თემაზე საუბარი. ასე მიპასუხა, ჰო, რთული დღეები გადავიტანეთ, მაგრამ მთავარი სათქმელი სპექტაკლის – რომ ფულზე ყველაფერი არ იყიდება – ეს იდეა მინდოდა მიმეწოდებინა მაყურებლისთვისო… ესეც არაჩვეულებრივად იყო მიწოდებული და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი თემაც…

მსახიობი – მოქალაქეობრივი სათქმელით… ხშირად გამიგონია ხოლმე ეს ფრაზა სხვადასხვა მსახიობთან მიმართებაში. სწორედ გოგი გეგეჭკორზე შეიძლებოდა თავისუფლად ამის თქმა – დიახ, ის იყო მაღალი რანგის პროფესიონალი საკუთარი მოქალაქეობრივი და პიროვნული სათქმელით.

დღეს ბატონი გოგი 98 წლის შესრულდებოდა!

პ.ს. ისე იმ გამოსათხოვარი იუბილედან ზუსტად 16 დღე იცოცხლა და 11 მარტს, გამთენიისას აღესრულა დიდებული არტისტი და შემოქმედი. დილითვე მივედი, როგორც ოჯახის ახლობელი სამძიმარზე. ქალბატონმა ნათელამ სამძიმარი მიიღო, მერე კი თავისი ჩვეული გურული ენამოსწრებულობით მითხრა – მე მგონი “რუსთავი 2”-მა გოგის გარდაცვალება ჩემზე ადრე გაიგოო. ამ ერთი წინადადებით გამოხატა მისი დამოკიდებულება ე.წ. „სკანდალური ჟურნალისტიკისადმი“.