გია ყანჩელი თენგიზ მირზაშვილზე

გია ყანჩელი თენგიზ მირზაშვილზეკომპოზიტორი გია ყანჩელი და მხატვარი თენგიზ მირზაშვილი – იგივე ჩუბჩიკა უახლოესი მეგობრები იყვნენ. მხატვარზე საუბრისას კომპოზიტორი ყოველთვის უდიდეს სითბოს და სიყვარულს გამოხატავდა:

“არ ვიცი, რამდენად ვარ უფლებამოსილი ფერმწერზე ვილაპარაკო. თანაც ისეთზე, როგორიც თენგიზ მირზაშვილია, ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და პიროვნება, რომლის მსგავსიც იშვიათად დაიარება ამქვეყნად. მე მუსიკოსებზე მიჭირს აზრის გამოთქმა და ისეთი ინდივიდუალობის მატარებელ მხატვარზე საუბარი, როგორიც თენგიზ მირზაშვილია, რა თქმა უნდა, მიძნელდება.

სულ ახლახანს გავეცანი 1952 წელს თენგიზის მიერ შექმნილ ჩანახატებს და გაოცებული დავრჩი. ვერ წარმომედგინა რომ, სამხატვრო აკადემიაში სწავლის დაწყებამდე და გარკვეული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებამდე, თანდაყოლილი უბადლო ოსტატობა ჩემზე ასეთ წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენდა.
მე, ფანქარსა და საშლელს შეჩვეულს, ვერ გამიგია, როგორ იქმნება სულ რაღაც ორიოდე შტრიხით ისეთი მხატვრული სახე, რომელიც არა თუ შესწორებას, ვერავითარ დამატებას ვერ აიტანდა.

სხვათა შორის, თენგიზის მთელი შეგნებული ცხოვრება მიმართულია იმ მოვლენების ვერ ატანასთან, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა ჭეშმარიტი შემოქმდისათვის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა. იგი ებრძვის ყველაფერს, რაც სიმახინჯედ მიაჩნია. ებრძვის შეუპოვრად და გულწრფელად. თავის ნაფიქრალს და მოსაზრებებს უზიარებს საზოგადოებას და მხოლოდ დრო განსაზღვრავს მისი დამოკიდებულების სისწორეს სხვადასხვა მოვლენების მიმართ.

პირადად მე თენგიზის მოღვაწეობის ამ სფეროში ბევრი რამ მიზიდავს, მაგრამ განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ ჩემთვის მეტად ყურადსაღები გარემოება. არც პირად საუბრებში და არც მრავალრიცხოვან წერილებში იგი არ ხმარობს სიტყვებს: “წილხვედრი”, “სრულიად საქართველო”, “ბედკრული”, “მრავალტანჯული”, “ეროვნული თვითშეგნება” და ა.შ. სხვათა შორის, მეც მიმაჩნია, რომ ამ ცნებების მხოლოდ სიტყვით “მოტრფიალე” პიროვნებები, როგორც წესი, ქვეყანას და საზოგადოებას დათვურ სამსახურს უწევენ. ამგვარი ლექსიკით გამუდმებული სპეკულირება ხელმოცარული პატრიოტების ხვედრია. ამ ხალხს სამშობლოს სიყვარული პროფესია ჰგონია.

მე ოდნავ გადავუხვიე მთავარ თემას. მთავარი კი შემდეგია: ჩემთვის დღემდე ამოუცნობ მოვლენად რჩება თენგიზის შეუდარებელი ფერწერა, რომლის არსი ეწინააღმდეგება იმ სიმახინჯეს, რასაც მთელი ცხოვრება ვერაფრით ვერ ეგუება. ალბათ ამიტომაც, მისი ფერწერა – უჩვეულოდ მშვიდი, ჰაეროვანი, ამაღლებული, სიკეთით სავსე და სევდიანი, ქმნის სამყაროს, რომელიც, მსგავსად ფიროსმანისა და გალაკტიონისა, განუმეორებელია – ერთია ამ ქვეყანაზე და მას თენგიზ მირზაშვილის სამყარო ჰქვია.”