8 თებერვალი, 2021

გელათის აშენების საინტერესო ისტორია

გელათის ტაძარი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულად ძვირფასია.

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი მის აშენებასთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიას გვიზიარებს:

“დავით აღმაშენებელმა გამეფებიდან მე-17 წელს, როცა ის 33 წლის იყო, ახალი საკათედრო ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტა.

თბილისი ჯერ კიდევ არაბების ხელში იყო. ამიტომ, ადგილის შერჩევა იმდროინდელი დედაქალაქის ქუთაისის მახლობლად დაიწყო.

დიდი ხნის ძებნის შემდეგ მეფეს გლეხ ლევისარაშვილის კარმიდამო ურჩიეს. ისიც ოჯახს ესტუმრა. იქაურობით მოიხიბლა და გლეხს უთხრა, აქ სახტარი უნდა ავაშენოთო.

მასპინძელმა დავითს მიუგო, თუ ჩემი ეზო სახტრისთვის გამოდგება, მთლიანად დამითმიაო.

სტუმარს გლეხის პასუხი მოეწონა და ხელქვეითებს მისი კალთის ოქროთი ავსება და ახალი სახლისთვის მიწის ნაკვეთის სხვაგან გამოყოფა უბრძანა.

როცა ლევისარაშვილი კარმიდამოს ტოვებდა, იქაურობას თვალი უკანასკნელად მოავლო. მეფემ ეს შენიშნა და იქ მყოფებს უთხრა, ეტყობა ჩვენი ძღვენი ეცოტავა და ოქრო დაუმატეთო, მერე კი თქვა – უსამართლო ადგილზე აშენებულ ტაძარს მადლი არ ექნებაო.

ეს, რა თქმა უნდა, თქმულებას ჰგავს. საუკუნეებს გადაეცემოდა და აქამდე მოაღწია.

1945 წელს ქუთაისელმა გიორგი ჯანგავაძემ გელათის მშენებლობის ამბავი პოეტსა და ქართული ენის მასწავლებელს დომენტი ოყროშიძეს მოუყვა.

1106 წელი იყო, როცა დავით მეოთხემ გელათის, იგივე გენათის მშენებლობა დაიწყო. ზუსტად 20 წლის თავზე მისმა შვილმა დემეტრემ მამის გარდაცვალებიდან 1 წელიწადში, 1126 წელს დაასრულა და მოახატინა.

ჩრდილოეთის კედელზე აღმაშენებლის ფრესკაა. მეფეს ხელში გელათის ტაძრის მაკეტი უჭირავს. მხატვრობა მისი თანამედროვეა, მაგრამ განახლებულია მე-15 საუკუნეში.

გელათის ტაძრის მშენებლობა დასრულებული არ იყო, რომ იქ მეფემ აკადემია დააარსა, რომელიც ქართული განათლების მთავარი კერა გახდა.

დავით მეოთხემ უდიდესი როლი შექსრულა საქართველოს ისტორიაში. მისი ღვაწლი ფასდაუდებელია. ერმა აღმაშენებელი უწოდა. ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა.”