21 თებერვალი, 2021

ეთერ თათარაიძის საგანძური ქართული ფოლკლორიდან

ეთერ თათარაიძე მეუღლესთან ამირან არაბულთან ერთად ქართული ფოლკლორის საგანძურის ნამდვილი მარგალიტების შემგროვებელია.

“არტ ინფო” გთავაზობთ საინტერესო ამბებს ქართული ფოლკლორიდან:

“ჩრდილოკავკასიელთა შემოსევები კიდევ უფრო გახშირდა რუსეთთან საქართველოს შეერთების შემდეგ. ყველაზე ძნელად მოსაგერიებელი მაინც მურთაზის – ჩაჩან-ინგუშთა ნაიბის – შემოსევა ყოფილა. დიდძალი ლაშქრით და ზარბაზნით ქისტეთიდან ქაჩუს მთით თუშეთში გადმოსული მურთაზი ფარსმის ციხეს მისდგომია, მაგრამ ციხეში გამაგრებული თუშებისათვის ვერაფერი უვნია. ომი სამ დღეს გაგრძელებულა. ამ ბრძოლაში თავი უსახელებია ქალს, კ ა ხ ო ს თ ი ნ ა ს, რომელსაც ერბოში ამოვლებული და ცეცხლწაკიდებული თავისი მანდილი გადაუგდია და ციხის ასაფეთქებლად გამიზნული წამლით სავსე სალუდე ქვაბი აუფეთქებია. ციხის არემარე ბოლში გახვეულა. ბოლო რომ გაფანტულა, მტრის ჯარის ნაფლეთები გამოჩენილა… თინას შესახებ ხალხურ ლექსში ნათქვამია: “… გაჰკვირვებოდა ქისტებსა თინაის ნაომარიო, ან მკლავი როგორ უძლებდის, ან სამღარიან ხმალიო…”

***
“მოულოდნელად დაესხა ძმის მკვლელის სახლს სისხლის ამღები. მკვლელი და მისი მცირეწლოვანი ბავშვი იყვნენ სახლში. მკვლელმა დრო იხელთა, ბავშვი მიატოვა, თვითონ გარეთ გავარდა და სიბნელეში მიიმალა. შურისმაძიებელმა ატირებული პატარა ხელში აიყვანა, დაუყვავა, ეცადა დაემშვიდებინა, მაგრამ ამაოდ. შეშინებული ბავშვი საყვარელ მამას ეძებდა. მამა არ ჩანდა. ვერაფრით რომ ვერ გააჩერა მოსისხლემ პატარა, გარეთ მყოფ ძმის მკვლელს გასძახა: – ვიცი, ახლო-მახლო ხარ, ახლავე შემოდი, ბავშვის ცრემლებმა გადაგარჩინა, ძმის სისხლი მიპატიებია, ამას ვერ დაგიობლებო…”

***
დიკლო-შენაქოს წახდენა 1837 წელს
ლეკები წყალზე გაგზავნიან ბოლო დიკლოელ ქალს: დაღესტანში წასასვლელნი საგზალს ამზადებინებენ…
ერთ ბოსელში ბალღები ჰყავთ დატყვევებული. მთვრალი ლეკი შეუვარდება ამ პატარებს და მუსრს გაავლებს… წყაროდან დაბრუნებულ ქალს ბავშვების გოდება და კვნესა მუხლს მოჰკვეთს, თუნგს დადგამს და ბოსელში შევარდება. სისხლში მოსვრილი დიდო აგდია პატარა ცხედრებთან ერთად. ამ ბავშვებიდან ერთ-ერთი, ამ ქალის ჯერ კიდევ ცოცხალი ძმისშვილი, 10-11 წლის ბიჭი, თავს გაჭირვებით წამოსწევს და უღონოდ, ძლივსგასაგონად ეტყვის: “დაოვ (მამიდო), იეგ დიდო მე მოვკალივ, ს ა ხ ე ლ ა რ დ ა მ ი კ ა რ გ ო თ ა ვ !…”

***
“რამოდენიმე ცხენოსანი ქისტი , შევიდა ხევსურების სოფელში. თიბვის სულწუხი დღეები იდგა. სახლებში მხოლოდ ბებრები და ბალღები იყვნენ…
– გამარჯობათ!
– გაგიმარჯოთ!
– სად გყვანთ უფროსები?
– სათიბ-საკრეფში არიან. რა საქმეზე ხართ?
– შეკითხვა გვაქვს და დაუძახეთ!
– იქნებ გვითხრათ, რა უნდა ჰკითხათ, ღირსა თუ არ იმათ მაცდენა!…
ქისტებმა ერთმანეთს გადახედეს.
– ერთი ჩვენი სოფლელი თავის დაქვრივებულ რძალს ყვარობს, ვერაფრით გამოვასწორეთ და რჩევა-დარიგების საკითხავად მოვედით.
– მზიან ამინდში გარეთ რომ გამოვა, იმის ჩრდილს დახკარით თოფი. თუ თავისას მაინც არ მოიშლის, მეორე ტყვია ჩრდილის დამყენებელს მოხვდება!…
ქისტებმა მადლობა გადაუხადეს ხევსურ ბალღებს და უკან ისე გაბრუნდნენ, უფროსებს აღარ დალოდებიან.”

***
ერთი ხევსური სისხლის აღების განზრახვით ქისტეთში გადავიდა. მოსისხლის სოფელს ტანაყრილი ტყე აკრავს გარშემო.
ხევსურმა სოფლის მოპირდაპირე ტყიან ფერდობზე შეარჩია მოხერხებული ადგილი და იქიდან ზვერავს მტრის კარ-მიდამოს.
მოსისხლეს დის ქორწილი აქვს და სახლის ბანი სავსეა ხალხით.
ხევსურმა მიზანში ამოიღო პატარძლის ძმა – ნაცრისფერ სამოსში გამოწკეპილი, ჟღალი თმა-წვერის ჯეილი. საჩვენებელი თითი სასხლეტზე უდევს, უნდა ესროლოს და ამ დროს ცეცხლოვანი საცეკვაო დაუკრა ქისტის ქალმა. პატარძლის ძმა შევარდა წრეში, გაშალა ლამაზი მხარ-მკლავი და ცეკვავს, ცერებზე შემდგარი მიწას არც კი ეხებს…
ხევსურმა თოფი დაბლა დაუშვა, ჩუმად ადგა და იქაურობას გაეცალა.
უკან დაბრუნებულს ძმა-ბიძაშვილები შეეგებნენ.
ყველაფერი წვრილად უამბო.
– მერე და, რამ შეგიშალა ხელი, რად არ ესროლე?
თავისიანებს თვალი აარიდა და თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა:
– რომ მომეკლა, ისეთ ქისტურს ვეღარავინ იცეკვებდა…”