7 თებერვალი, 2021

ექვთიმე თაყაიშვილის წყევლა ქართველებს

,,დაწყევლილი მყავდა ყველა ქართველი, ვინც ექსპონატს გაყიდდა და სამშობლოს ეროვნულ საგანძურს დაუკარგავდა,“ – ამბობდა წმინდანაც შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილი.

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ექვთიმე თაყაიშვილმა ქართული საგანძური უცხოეთში გაიტანა და უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, ერთი მათგანიც კი არ გაუყიდია.

საფრანგეთში ყოფნისას ხშირად იყო მშიერი და მწყურვალი, მაგრამ გულში არასდროს გაუვლია ეროვნული საუნჯის გასხვისების გადაწყვეტილება.

ერთხელ ექვთიმეს მთელი დღის განმავლობაში ერთი ჭიქა ჩაისა და ერთი ნატეხი შაქრის მეტი არაფერი ჰქონია. მშიერი დაწოლილა და უნახავს სიზმარი, ვითომ მისმა დამ, ლისამ, მთელი გობი ნიგვზიანი ფხალი და ჭადი მოუტანა.

“დილით რომ გავიღვიძე, აღარ მშიოდაო,” – ამბობდა ექვთიმე.

თავისი გაჭირვების შესახებ წმინდანი ანდრეა გუგუშვილს 1938 წლის 24 დეკემბერს სწერდა:

“დღეს მივიღე წერილი და ორი გირვანქა შენს მიერ გამოგზავნილი ნახშირისთვის. სულზე მომისწარი, უღრმესი მადლობა! ვერ წარმოიდგენ რა სასტიკი ზამთარი დადგა ეს ერთი კვირაა. დილას ჩემს ოთახში ხუთი გრადუსი სითბოა და საღამოს ძლივს ავიყვან ათს გრადუსზე.

ეხლა, ამ წერილს რომ ვწერ, შუადღის ხუთი საათია და თერმომეტრი ექვს გრადუსს სითბოს უჩვენებს…

რასაც ვწერ, იმდენად კი არ მაწუხებს, რამდენადაც ის გარემოება, რომ ერთს სიტყვასაც არ იწერები, მიიღე თუ არა ჩემი სტატია და სურათები იშხანის შესახებ.“