22 თებერვალი, 2021

ეკა მამალაძე ლიკა ქავჟარაძეზე

მომღერალი ეკა მამალაძე ყოველთვის დიდი სიამოვნებით იხსენებს თანაკლასელს, ულამაზეს ლიკა ქავჟარაძეს:

“მე და ლიკა კლასელები ვიყავით, მუსიკაზეც ერთად დავდიოდით, ჩვენი მარშრუტი გვქონდა, – გაკვეთილის შემდეგ ერთად უნდა ჩამოგვევლო რუსთაველზე, ლაღიძის წყალი დაგველია და რუსთაველის მეტრომდე ფეხით გაგვევლო, იქ იყოფოდა ჩვენი გზები, სახლებში მივდიოდით სხვადასხვა ტრანსპორტით.

ძალიან ნიჭიერი იყო მუსიკაში და, რაც მთავარია, ძალიან ბეჯითი. სახლში რომ მივდიოდი, მე ბებია მხვდებოდა, სადილი გამზადებული, ლიკა რომ მივიდოდა, არავინ არ ხვდებოდა, დედა და ბებია ქიმიკოსები იყვნენ და სულ მუშაობდნენ. მივიდოდა, მიხედავდა თავის თავს და საათობით მეცადნეობდა. არაფერს გაახალტურებდა. ცოტამ თუ იცის, რომ ლიკა მეოთხე კლასში იყო, როცა რუსთაველის თეატრში ბახის კონცერტი დაუკრა.

წლებთან ერთად ისე მოხდა რომ ჩვენი კონტაქტი გაიშვიათდა, პრობლემების ფონზე ხშირად ვეღარ ვხვდებოდით მეგობრები. ძალიან უყვარდა მისი დაბადების დღე, ოქტომბრის ბოლოს დაბადებული თვის დასაწყისში მირეკავდა, ხომ იცი 29-ში ჩემთან ხარო, ჯერ რა დროს ოცდაცხრაა ლიკა-თქო, ვეხუმრებოდი, მაგრამ ასე გამოხატავდა რომ უყვარდა მისი დაბადების დღე.

უცნაურად იცოდა დარეკვა, შეიძლება დიდი ხანი არ გვქონოდა კონტაქტი და უცებ დარეკავდა, რას შვები? ისეთი ინტონაციით თითქოს 20 წუთის წინ ვილაპარაკეთ ბოლოს და გადმომირეკა. ძალიან მოსიყვარულე იყო ჩვენი ლიკა.”