ეძღვნებათ ქალებს!

ეძღვნებათ ქალებს!ქალებს – სუსტი სქესის წარმომადგენლებს – ჯუანშერ ტიკარაძე უძღვნის ლექსს “ციფროგრამა”, რომელიც ყველაზე სასტიკი, მაგრამ რეალურია და სულ უფრო და უფრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება:

“3 წლისამ სარკის პატარა ნატეხი იპოვა –
ალესილ დანას ჰგავდა:
რომ ჩახედავდა,
მარტო თვალები გამობრიალდებოდა ხოლმე.
მოსწონდა.
7 წლისა იყო,
როცა პირველად მიხვდა,
რომ მართლა ქალად დაიბადა:
იმ დღეს მისი ძმები ტყეში გაიპარნენ თოფის სასროლად.
როგორ არ ეხვეწა,
მაგრამ მაინც არ წაიყვანეს.
9 წლისას მკერდი დააჩნდა,
თხილისოდენა,
წვეტიანი ჭიკარტებივით.
12 წლისა ახურებულ ლოყას გრილ მინას მიადებდა
და უსხეულო ზმანებებში ვიღაც მომთენთავ მოლანდებებს გაუყუჩდებოდა,
დაბერილი ნესტოებითა
და ბორნის ბაგირივით დაჭიმული ტანით.
14 წლის რომ გახდა,
უკვე ნამდვილი ქალი იყო
და მის თითოეულ ნაბიჯს
ღამის ტყის იდუმალი შრიალი
და უფსკრულის სიახლოვის თავბრუდამხვევი სუნი დაჰყვებოდა.
16 წლის მეზობელ სოფელში გაათხოვეს
ჩაფსკვნილ,
ჯმუხ,
მუდამ ტაოტში ამოსვრილ ტრაქტორისტზე:
პირველ ღამეს ძალიან ეტკინა.
მეორე ღამესაც.
მერე და მერე შეეჩვია.
17, 19, 21, 23, 25 და 27 წლისამ შვილები დააჩინა:
4 ბიჭი და 2 გოგო.
29 წლის იყო,
როცა მისი ნაბოლარა ბიჭი,
საკალანდოდ,
ცეცხლიდან წუთის წინ გადმოდგმულ,
ადუღებული წყლით სავსე ქვაბში ჩავარდა:
3 დღე იწვალა და მერე მოკვდა.
30 წლისამ გაიგო,
რომ ქმარი მეზობლის ქვრივთან დაძვრებოდა.
როგორ უნდა გახარებოდა,
მაგრამ არც სწყენია:
ახლა ღამღამობით მაინც ისვენებდა.
32 წლის იყო,
სოფლის სასაფლაოზე პატარა სამლოცველო რომ გაიხსნა:
უფრო ინტერესით შევიდა,
ვიდრე რწმენით.
სანთელიც დაანთო,
ოღონდ ვერ უშველა.
35 წლისას თავისი ნაბოლარა ბიჭი დაესიზმრა:
ისევ იმხელა იყო,
მაგრამ უკვე გამართულად ლაპარაკი ესწავლა.
ვითომ ეუბნებოდა, –
აქ სულ მარტო ვარ, დედა,
მოდი და სახლში წამიყვანეო.
თავის 37-ე დაბადების დღეს
(არც კი ახსოვდა,
იმ დღეს მისი დღეობა თუ იყო),
ჩამავალი მზით გასისხლიანებულ ცაზე გაუშტერდა თვალი.
მერე უცებ მიწაზე დაემხო
და ერთად წასკდა,
რაც ცრემლი დაგროვებოდა:
პატარა ბავშვივით გულამოსკვნილი ტიროდა
და საკუთარ თავს უწყრებოდა, –
გაჩერდი, შე სულელო, გაჩერდიო.
იმავე წელს მისი ქმარი ადიდებულ მდინარეში გადავარდა.
ტრაქტორი წყალმა წაიღო.
ეს გადაარჩინეს,
მაგრამ წელს ქვემოთ მოწყდა
და ლოგინიდან აღარც წამომდგარა:
თვალის გახელიდან თვალის დახუჭვამდე ყვიროდა და ცოლს აგინებდა.
38 წლისამ უფროსი გოგო გაათხოვა მეზობელ სოფელში:
სიძეს მიკროავტობუსი ჰყავდა
და თბილისის რეისზე მუშაობდა.
40 წლისა ნათესავის ქელეხში დამანახეს ბიძაშვილებმა, –
აბა, თუ იცნობ,
ვინ არისო.
მერეც ვერ ვიცანი,
როცა მითხრეს,
ვინც იყო:
იქამდე მომკვდარიყო,
ვიდრე 45 წლისას საშვილოსნოს კიბო დაემართებოდა
და 2 ზამთრის შემდეგ მოკვდებოდა.”