დინა მირცხულავას უმაგრესი წერილი

დინა მირცხულავას უმაგრესი წერილიმწერალი დინა მირცხულავა თავისი ჩანაწერებით ათასობით მკითხველის სულის სიმებს ეხება და ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე წერს:

“- რას გავხარ, ბიჭო, გეგონება ნეხვიანი წკეპლა გადაგიჭირეს, ისე გაქვს ღინღლები ზედა ტუჩზე, – ღიმილით ეუბნებოდა მამაჩემი ბიჭს, რომელიც კედელს იყო მიყუდებული და ყურებამდე იკრიჭებოდა.

– ამის მოგებული ომი რა ვთქვი მე, – სიგარეტს გაუკიდა გენო ძიამ.

– შენი იმედი აქვს, ბიჭო, ქვეყანას?! – ახლა სხვა ჩაეკითხა.

– ელცინს რომ გაუგია, ომში მიდიხარ, ჯარის გაყვანა უბრძანებია, – სერიოზული სახით თქვა სხვა ბიჭმა, რომელიც ბევრად პატარა იყო იმ ბიჭზე, რომელსაც ეხუმრებოდნენ.

– ეჰ, ან ერთს ან მეორეს რა გინდათ აქ, – სიმწრით გადააფურთხა გენო ძიამ და თავი ხელებში ჩარგო.
სრული სიჩუმე ჩამოწვა სადგურზე.

ორ ახალგაზრდას ბენდენა ჰქონდა თავზე წაკრული, სახე გაემურათ და ნამდვილ მეომრებს დამსგავსებოდნენ, მანამდე ასეთი ადამიანები მხოლოდ ამერიკულ ფილმებში მყავდა ნანახი.

ჩემზე ათი-თერთმეტი წლით უფროსები იქნებოდნენ.

სხვა დროს, სხვა გარემოში და სხვა ვითარებაში შესაძლოა რომელიმე მათგანს ზღვაში ღრმად გავეყვანე ზურგზეშესმულს ან ერთად სილის სასახლეები გვეშენებინა სანაპიროზე.
ან სულაც არასოდეს გაგვეცნო ერთმანეთი – თბილისში მშვიდად ეცხოვრათ თავიანთ საბურთალოზე და მე ჩემს კოჩარაში.
მაგრამ ახლა აქ იდგნენ, ალალად იცინოდნენ კაცების უკბილო ხუმრობებზე და არ სწყინდათ.

ოცნებები ჩაალაგეს, კარს მომდგარი ბანკეტი დაივიწყეს, საყვარელ ფილმს ბოლოჯერ უყურეს, თავიანთ გოგონებს წერილები დაუტოვეს – “მე დავბრუნდები, ჰო დავბრუნდები, მე შენი თმები დამაბრუნებენ”.
ან რაღაც ამდაგვარი ბარათები და გამოიპარნენ.
საბურთალოელი ბიჭები, გეპეის მომავალი სტუდენტები, მამისტოლა კაცებთან ერთად იდგნენ ახლა აქ და არც იცოდნენ, რომ ომი ფილმი არაა.
რომ ის ბარათები არც ისე ერომანტიულათ გოგონებს, უფრო მეტად ეტკინათ.

რომ საქართველოში მხოლოდ მკვდარ გმირებს აფასებენ და ესენი თუ გადარჩებიან, ცალ ფეხზე დაიკიდებს თბილისიც და საბურთალოც ამ ორ ალალგულა ბიჭს.
– ქურთი რომ იყო, რა არ გახსოვს, ბიჭო?!
– ავლაბრელი?
– ჰო…ეგაა რა… ვიცანი გვამი.
– ჩვენს მხარეს იბრძოდა?
– ჰო, აბა რაა.

კაცებს გამოეყვნენ ბიჭები და ცალკე ლაპარაკობდნენ, მაგრამ მე მთელი გულისყურით ვუსმენდი და სიტყვაც არ გამომპარვია.
– გენო ძია რა კაცია არა?!
– რა კილო აქვს?!
– კაროჩე, მაგათ არ მოშორდე, კოტე, სულ მაგათთან იყავი.
უნდა დავბრუნდეთ ბიჭო, თან გამარჯვებულები.
– იასნა.
– აზრზე ხარ, უბანში ყველა ჩვენ მოგვისმენს, აქაურ ამბებს რომ მოვყვებით, არაფერი გააზვიადო, ბიჭო, შენებურად, ისედაც ბევრი ვნახეთ და ვნახავთ კიდე, გაიგე?
– იასნა.

საბურთალოზე ის ერთი დაბრუნდა, ვინც გენო ძიას არ მოშორდა.
ღინღლიანი ბიჭი ულვაშით დაუბრუნდა თავის უბანს.
არავინ მოუსმინა, არავის ადარდებდა იმ წლებში ომის ამბები, არც ხელისუფლებას და არც ხალხს.
თბილისს ომის ვეტერნების გარდა, სამასი ათასი დევნილისთვის უნდა მოესმინა.
წლების შემდეგ მამაჩემს შეხვედრია სადღაც და ძლივს უცვნია მამას.
ორი ჭიქის მერე ამოუტირია – ჩემი სადარბაზოდან ორნი წავედით, მე დავბრუნდი… ნეტავ მეც მოვეკალით, ეს ქვეყანა მხოლოდ მკვდარ გმირებს აღიარებს, ძია კაცო.

თვალწინ დამიდგა ის პატარა ბიჭი, სადგურის ნატყვიარ კედელს მიყუდებული ალალი სიცილით, ასობით ოცნება რომ დამარხა იმ ომში და ენგურს აქეთ არავინ მოუსმინა.
იმიტომ რომ არ ეცალა თბილისს და ამ ქვეყანას – ჩემსა და თქვენს საქართველოს – არ უყვარს ცოცხალი გმირები…. უნდა მოკვდე…”