5 იანვარი, 2021

ვახტანგ ჭაბუკიანის ყველაზე საამაყო გადაწყვეტილება

ვახტანგ ჭაბუკიანმა ქართული საბალეტო ხელოვნება უმაღლეს საფეხურზე აიყვანა და თავისი განუმეორებელი დადგმებით, მთელი მსოფლიო აალაპარაკა.

დიდი სამამულო ომის დასაწყისში ლენინგრადიდან თბილისში ევაკუაციით ჩამოვიდა მსოფლიო დიდებით მოსილი მოცეკვავე და ბელეტმაისტერი ვახტანგ ჭაბუკიანი. მან გააგრძელა თავისი რეჟისორული და სასცენო მოღვაწეობა თბილისის ოპერის თეატრში. ჩამოსვლისთანავე ხელი მოჰკიდა ბალეტის დასის გაძლიერებას, ჩამოაყალიბა, შეარჩია და გადაამზადა ადგილობრივი მოცეკვავეები, მიიწვია ევაკუირებული ცეკვის ოსტატებიც. ჩამოსვლიდან სამ თვეში, 1941 წლის 22 ნოემბერს დადგა საკუთარი ბალეტი ,,მთების გული”.

ცნობილი მსახიობი და სპორტული კომენტატორი კოტე მახარაძე იგონებდა: ,,სამამულო ომის დროს ხალხი ყველაფერს ფრონტს აძლევდა, დაძაბულ, მაგრამ მაინც სისხლსავსე ცხოვრებას განაგრძობდა. ოპერის სცენაზე იმართებოდა ადგილობრივი და ევაკუირებული, ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა ნემიროვიჩ-დანჩეკოს, კნიპერ-ჩეხოვას, კაჩალოვის, თარხანოვის, რიჟოვასა და სხვათა მონაწილეობით სპექტაკლები, კონცერტები, ეწყობოდა შეხვედრები, საუბრები.

თბილისის ოპერის სცენაზე ბრწყინავდა ვახტანგ ჭაბუკიანი, მისი იდეალური აღნაგობა, მოქნილი სხეული, დაუცხრომელი ტემპერამენტი, ცეკვის ვირტუოზული ტექნიკა, მისი ლამაზი პლასტიკური ცეკვა აჯადოებდა მაყურებელს. ჭაბუკიანის სპექტაკლზე მეფობდა სიხარულით სავსე განწყობილება.”

სამამულო ომის დამთავრების შემდეგ ლენინგრადის თეატრი თავისი დაფანტული ძალების შეკრებას შეუდგა და ჭაბუკიანის უკან დაბრუნებას შეეცადა.

…თუ თქვენი ჩამოსვლის იმედს დავკარგავთ, ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენი ბალეტის მომავლის იმედი დავკარგოთ. თქვენ მოგელით, რათა ჩაგაბაროთ დასი. მათთვის თქვენი ხელმძღვანელობა დიდებული საჩუქარი იქნება. თუ ფეხები გტკივათ, ნუ შეშფოთდებით, ბალეტი და მთელი ქალაქი თქვენ უფეხებოდაც გაღმერთებთ. ახალგაზრდობა ბევრ რამეს ისწავლის თქვენგან. თქვენ თქვენი საქმის სული და გული ხართ. 1947 წელი, 21 მარტი. გუსევი. თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი.

და ვახტანგ ჭაბუკიანმა ყველაზე საამაყო გადაწყვეტილება მიიღო – გენიალური მოცეკვავე სამშობლოში დარჩა!