15 იანვარი, 2021

ტარიელ ხარხელაურის სამადლობელი

პოეტ ტარიელ ხარხელაურის სამადლობელი წერილი ყველა იმ ადამიანსს ეხება, ვინც მას ახალი წელი მიულოცა:

“ყველაფერმა ჩემ გარშემო ფერი იცვალა, ერთმანეთისთვის ნაკლებად ვიცლით! არადა, როგორ გვჭირდება ადამიანური ურთიერთობები… რომ არა თქვენ და თქვენ მიერი დადასტურება იმ დიდი სიყვარულისა, ჩემ გარშემო რომ ბრუნავს – შევძლებდი კი იმ ტკივილის დაძლევას, რომელიც წუთისოფლის ცამ ჩემთვის საკმაოდ უხვად გამოიმეტა.

მადლობა იმ ჭირისუფლობისათვის, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობ, რომელიც სხეულს დაშლისგან და სულს გამცვრევისგან იცავს. სამწუხაროდ, გასული წელი ჩემთვის ტკივილით დასრულდა და ახალმაც საზრდოდ ეს ტკივილი აიდევნა.

ახალი წლის დადგომა მომილოცეთ… მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ ასეთი დღეები ვერ იქცევენ ჩემს გამორჩეულ ყურადღებას, არ მიყვარს განსაკუთრებული დღეები, არ მიყვარს როცა სიყვარულისთვის გამორჩეული დღე გვაქვს და მაინცდამაინც ეს დღე მიგვაჩნია საამისო საცხოვრისად, არ მიყვარს როცა მიტევებისთვის ერთი დღე გვაქვს, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ყოველდღიურად უნდა შეგვეძლოს.

არ მიყვარს, როცა დაბადების დღეც მხოლოდ წელიწადში ერთხელ გვახსენდება, რადგან ვთვლი, რომ ყოველდღიურად ახლიდან ვიბადებით. მე არა მხოლოდ ყოველდღე, არამედ ყოველ წამს მიყვარხართ, თქვენით ვავსებ ჩემს სინაკლულეს…

ძალიან, ძალიან მინდა ერთმანეთით ცხოვრება ვისწავლოთ, ერთმანეთთან ყოველდღიურად ვიაროთ. ამისთვის დიდი გარჯა არაა საჭირო – უბრალოდ, ერთმანეთზე ფიქრით ვიცხოვროთ, ერთმანეთს ნაკლებად ვატკინოთ…

ყოველდღესა და ყოველ წუთს გილოცავთ… გეფერებით თქვენი ტარიელ ხარხელაური.”