5 იანვარი, 2021

რამაზ ჩხიკვაძის ყველაზე დიდი სინანული

თეატრისა და კინოს მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე თავისი როლებიდან ყველაზე მეტად თენგიზ აბულაძის “ნატვრის ხეში” მამაო ოხროხინეს განსახიერებას ნანობდა და არ მოსწონდა, რომ მღვდელს დასცინა.

მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა მსახიობთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა:

“ბატონმა რამაზმა და ქალბატონმა ნატაშამ ბათუმში რეზიდენციის ტაძარში ჯვარი დაიწერეს. აღმოჩნდა, რომ ბავშვობის წლები ბატონ რამაზს ბათუმის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში გაუტარებია – ბათუმ-შემოქმედელ მიტროპოლიტ რომანოზ პეტრიაშვილის დისშვილიშვილი იყო…

ძალიან განიცდიდა თავის იმ როლს, სადაც მღვდელს დასცინის (ნატვრის ხე). მოგვიანებით ითამაშა მიტროპოლიტ ნაზარის როლი (ნაზარის ბოლო ლოცვა) და სულ მეკითხებოდა – ის ცოდვა ხომ გამოვისყიდეო, ღმერთმა აპატიოს…

გარდაცვალების დღეს დამირეკეს, გაზეთში დაიბეჭდა ბატონი რამაზი გარდაიცვალაო. მივედი მასთან სახლში, ცოცხალი მაგრამ უკონტაქტო იყო, მაიამ (მისი რძალი) უთხრა: მამა, მეუფე მოვიდაო – სახეზე დაეტყო სიხარული, ხელი ხელზე მომკიდა და მოფერება დამიწყო… ერთი საათის შემდეგ დამირეკეს, გარდაიცვალაო.

ეს ფოტო გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გადავიღეთ, საღმრთო ზიარების მიღების შემდეგ. ღმერთმა აცხოვნოს მისი სული.”