9 იანვარი, 2021

ოლღა გურამიშვილის უკანასკნელი ტრაგიკული აკორდი

უმდიდრესი თავადის თადეოზ გურამიშვილის ასულს ოლღა გურამიშვილს ცხოვრებაში არაერთი სირთულის გადალახვა მოუწია, თუმცა სიცოცხლის ბოლო წლები მისთვის ნამდვილად ურთულესი და ყველაზე ტრაგიკული აკორდი აღმოჩნდა.

მეუღლის – ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ, ოლღამ მთაწმინდაზე, ახლანდელი კოტეტიშვილის ქუჩის 20 ნომერში იქირავა ბინა, რათა აივნიდან პანთეონისთვის ეყურებინა და ილიას სამუდამო განსასვენებელთან ახლოს ყოფილიყო.

პანთეონში მიმავალს სადარბაზოს რამდენიმე კიბის ჩავლაც უჭირდა. არც ჯანმრთელობა უწყობდა ხელს და არც ასაკი. ხშირად ჩამოჯდებოდა, დაისვენებდა, ნელი ნაბიჯით აუყვებოდა მამა დავითის აღმართს და საყვარელი მეუღლის საფლავთან მჯდომი ხალხს სთხოვდა: – სანთელი დაუნთეთ ილიას, ვითომ ტაძარი აგიგიათო…

ოლღას სასთუმალთან ილიას საათი და წიგნები იდო. მთელი საღამო კითხულობდა საყვარელი მეუღლის ნაწარმოებებს თუ ჩანაწერებს და ამბობდა: – მხოლოდ ასე ვმშვიდდები და ტკბილად მეძინება, თითქოს მასთან ვიყოო…

დროთა განმავლობაში ჯანმრთელობა მკვეთრად შეერყა, მხედველობისა და სმენის პრობლემებიც გაუჩნდა. მასზე ზრუნავდნენ ილიას მეგობრები, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ილია ჭავჭავაძის ქვრივს პენსიაც კი დაუნიშნეს.

1910 წელს განსაკუთრებული მკურნალობის საჭიროების გამო ოლღა ბერლინში გაემგზავრა. თან წაიღო ილიას წერილები, ფოტოები და ფსალმუნები. სწორედ ამ დროს გერმანიაში დავით სარაჯიშვილი იმყოფებოდა. მეცენატმა ყველაფერი გააკეთა, რომ ილიას ქვრივისთვის არაფერი მოეკლო. მოგვიანებით ოლღამ ეკატერინე სარაჯიშვილს მისწერა: ,,მარტო ღმერთს შეუძლია გადაგიხადოთ იმ კაცთმოყვარეობისათვის, რომელსაც ჩემდამი იჩენთ.”

ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ მისმა საყვარელმა მეუღლემ 20 წელი იცოცხლა, მოესწრო დამოუკიდებელ საქართველოს, მის გასაბჭოებას, უკიდურეს გაჭირვებას – ღრმად მოხუცებული ოლღა ბაზარში 3-მანეთად ყიდდა საყვარელი მეუღლის წიგნებს და ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც თბილისის სახლი და საგურამოს მამული წერა-კოტეტიშვილის ქუჩაზე მოსიარულენი ხშირად ხედავდნენ აივანზე სანთლით ხელში მდგარ ოლღას, რომელსაც სიარული აღარ შეეძლო. ის გაჰყურებდა მთაწმინდას და ჩურჩულებდა: – მოვდივარ, ილია, მოვდივარ!