ნინო ანანიაშვილს კონტრაქტი შეუჩერდა

ნინო ანანიაშვილს კონტრაქტი შეუჩერდაქართველ ბალერინას ნინო ანანიაშვილს ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელობამ კონტრაქტი შეუჩერა. ამის მიზეზი პრესაში ნინო ანანიაშვილის მიერ ინფორმაციის ნაადრევი გავრცელება გახდა.

ქართველი ბალერინა ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობაზე იყო წარდგენილი.

“თეატრის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გამხელა მის ოფიციალურ წარდგენამდე დასის წევრების მიმართ უდიდესი უპატივცემულობაა. ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ კონტრაქტი პრესაში ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა დეტალის საბოლოო განხილვამდე,” – ნათქვამია ნოვოსიბირსკის თეატრის ოფიციალურ განცხადებაში.

საბოლოო გადაწყვეტილებას თეატრის ხელმძღვანელობა იანვრის შუა რიცხვებში მიიღებს, როდესაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვლადიმერ კეხმანი ნინო ანანიაშვილს შეხვდება.