20 იანვარი, 2021

მიწასთან გასწორებული წმინდა ეკატერინეს ეკლესია აბანოთუბანში

თბილისის შუაგულში – აბანოთუბანში წმინდა ეკატერინეს სახელობის ეკლესია მდებარეობდა, რომელიც სინას მთის წმინდა ეკატერინეს ცნობილი მონასტრის ფილიალი იყო თბილისში.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

“თბილისის წმიდა ეკატერინეს ეკლესია აბანოთუბანში ფეოდალურ ხანაში აიგო, ზუსტი დრო უცნობია. იგი სინას მთის წმიდა ეკატერინეს ცნობილი მონასტრის მეტოქიონი, ანუ ფილიალი იყო თბილისში, რომელიც ქართველმა მეფეებმა შესწირეს სინას მთის მონასტერს.

სინას მონასტერს დიდად მფარველობდნენ საქართველოს მართლმადიდებელი მეფეები და ამით კეთილ ურთიერთობას ამყარებდნენ სინას მთის საარქიეპისკოპოსოსთან და ზოგადად ბერძნულ ეკლესიასთან.

ეს ეკლესია თბილისთან ერთად მიწასთან გაასწორა 1795 წელს შემოსეულმა აღა-მაჰმად-ხანის ლაშქარმა. სინას მთის არქიმანდრიტმა იოსებმა 1861 წელს ტაძრი აღადგენინა და 1866 წელს იკურთხა. ტაძარი სამონასტრო ცხოვრებას 1905 წლამდე განაგრძობდა. ამ წელს კი გაურკვეველი მიზეზით გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა მონასტრის გარკვეული ტერიტორია, ტაძარი კი გადარჩა.

მალე ათეისტური საბჭოთა ეპოქის დასაწყისში საქართველოს ავტოკეფალიურ ეკლესიას სხვა მრავალ ტაძართან ერთად, ესეც ჩამოართვეს, დაარბიეს, ტაძარი დაანგრიეს, მისი ტერიტორია საცხოვრებელ შენობად აქციეს და გახსნეს სხვადასხვა დაწესებულებები.”